შსს-მ წყნეთში ნიკა კვარაცხელიას მკვლელები დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წყნეთში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელები დააკავა. უწყების განცხადებით, მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა ბრალდებულების დაკავების გარემოებებზე ისაუბრა, თუმცა მკვლელობის მოტივი ისევ უცნობია.
მარსაგიშვილის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს. ბრალდებულები 18 სექტემბრიდან იძებნებიან
შსს-ში აცხადებენ, რომ კავილაძემ და ჭელიძემ კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.
“გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
● ავსტრალიელი ტურისტი ქალის მკვლელობამ უცხოელები შეაშინა. რამდენად უსაფრთხოა საქართველო მათთვის?
● ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დაზარალებული 53 რეპორტიორია
● მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის?“
თბილისში ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, კვარაცხელიას ნაქირავებ სახლთან მოხდა. ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ნიკა კვარაცხელია გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდის”, გია კვარაცხელიას შვილია. თუმცა მის “შავ სამყაროსთან” კავშირს ოჯახის ახლობლები და გარდაცვლილის ნაცნობები კატეგორიულად უარყოფენ.
ახალგაზრდა ტექნოლოგიების სპეციალისტმა საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შექმნა. Feedc აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, შესაძლებელია არხების ყურება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ. ნიკა კვარაცხელია ამ პროექტით Forbes-ის 30 წლამდელთა სიაშიც მოხვდა.
როგორც გამოცემა bm.ge წერს, Feedc-ი უკვე 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, ის ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან (მათ შორის Facebook, Google) მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.