საქართველოში კორონავირუსის რეკორდული – 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ჩნდება ახალი კლასტერები და დაავადების გავრცელების არეალიც სულ უფრო იზრდება.
57 ახალი შემთხვევა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 26 თებერვლის, ანუ ქვეყანაში covid-19-ის პირველად დაფიქსირების შემდეგ. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო საქართველოში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. აიკრძალა ქორწილები და ქელეხები, გადაიდო კინოთეატრების გახსნაც.
წითელ ზონად რჩება აჭარა, სადაც ბოლო პერიოდში ყოველდღიურად საშუალოდ 20-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაიკეტა ბათუმის სამშობიარო სახლი, სადაც კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა. ხუთივე მათგანი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.
ეპიდემიოლოგების კონტროლის ქვეშ არის გურია და ცაგერი, სადაც კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შიდა გავრცელების რისკებს კიდევ უფრო მეტად ზრდის და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ ათი ადამიანის დაინფიცირების პირველწყაროზე ჯერ ვერ გადიან.
ქვეყანაში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთათვის ექვსასი საწოლია გამოყოფილი, საიდანაც 390 უკვე დაკავებულია.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საწოლების რაოდენობა გაიზრდება და სისტემა კოლაფსის საფრთხის წინაშე არ დადგება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებსაც covid-19-ის მსუბუქი ფორმა აქვთ, სასტუმროებში უმკურნალებენ.
10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში covid-19-ის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული.