„დააბრუნეთ მკაცრი ზომები!“ - აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება
აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, ოპოზიციისა და საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი მკაცრი ეპიდსაწინააღმდეგო ზომების დაბრუნების წინადადებით გამოდის.
ხელისუფლება სიტუაციის შეფასებას ეთანხმება და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, ასეთი ზომები მიიღონ.
• რას ყვებიან აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსი ტურისტები. ვიდეო
• აფხაზეთში პანდემიის დროს ნარკოტიკებთან ბრძოლის თავისებურებები
• მოსაზრება: აფხაზეთში კრიზისი გარდაუვალია. მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდება მას ხელისუფლება
2020 წლის პირველი აგვისტოდან, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნისა და ფაქტობრივად ყველა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, აფხაზეთში, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 ადამიანს გადააჭარბა.
საკარანტინო ნორმების გაუქმებამდე, ეპიდემიოლოგები სიტუაციას დადებითად აფასებდნენ.
ახლა, აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი, ლუდმილა სკორიკი არსებულ ვითარებას „ძალიან სერიოზულად“ აფასებს.
ასობით ადამიანმა მოაწერა ხელი ასლან ბჟანიას სახელზე გაგზავნილ პეტიციას, რომლითაც ისინი აფხაზეთში შემაკავებელი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ზომების დაწესებას ითხოვენ.
პეტიციის ავტორები გამოდიან წინადადებით, მათ შორის, აიკრძალოს მასობრივი ღონისძიებები, ნიღბების ტარება სავალდებულო გახდეს ყველა საჯარო ადგილას, მოინიშნოს წერტილები დისტანციის დასაცავად, შენობებსა და სავაჭრო ადგილებში მოთხოვნა იყოს ხელების სანიტარული დამუშავება.
ერთ-ერთი მოთხოვნაა – დაწესდეს ჯარიმა და მკაცრი კონტროლი კორონავირუსით ინფიცირებულთა მიერ თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევაზე.
ხელისუფლებისადმი ანალოგიური მიმართვით გამოვიდა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი“.
„ჩვენ მთელი ძალით ვცდილობთ აფეთქებების ჩაქრობას, რომელიც სხვადასხვა ადგილებში ჩნდება, მაგრამ ისინი ვლინდება მხოლოდ იმის გამო, რომ ვაგრძელებთ აუცილებელი ნორმების დარღვევას. თუკი ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, აუცილებელია სახლში დარჩენა“, – ამბობს აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი, ლუდმილა სკორიკი.
პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა ჯანდაცვის მინისტრ თამაზ წახნაკიას დაავალა, რომ პანდემიის წინააღმდეგ „ადეკვატური ზომების მისაღებად“ შტაბის სხდომისთვის მასალები მოამზადოს.