განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს სკოლებში უკრაინიდან დევნილი 38 ბავშვი ჩაირიცხა
საქართველოს სკოლებში უკრაინიდან დევნილი 38 ბავშვი ჩაირიცხა
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო და დღეისთვის თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 კი უკვე ჩარიცხულია.
გარდა იმისა, რომ უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან, მათ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასაც უწევენ.
უწყების ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა უკვე მიმართა.
“მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.” – წერია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
● რუსეთმა გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია. იქ საქართველო არ არის
● ხანგრძლივი ომი, დიპლომატია, გადატრიალება. უკრაინაში ომის ხუთი სცენარი BBC-ის ანალიტიკოსისგან
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
უკრაინელი ბავშვების საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის შესახებ განათლების სამინისტრომ 17 მარტს განაცხადა. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით, ომის დაწყებამდე.
გარდა ამისა, უკრაინელი ბავშვებისთვის უფასოა საქართველოს ბაგა-ბაღები. უწყება ავრცელებს სპეციალური ცხელი ხაზის ნომერსაც: (995 32) 2 200 220, რომელზე ყველა მშობელი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას.
18 მარტის მონაცემებით, 112-მდე გაიზარდა უკრაინაში დაღუპული ბავშვების რაოდენობა. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი – 23 პროცენტი იძულებით გადაადგილდა. 6.5 მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით იქცა დევნილად, 3.3 მილიონმა კი ქვეყანა დატოვა.