საქართველოს პრეზიდენტი: ყველას აქვს მარშზე გამოსვლის უფლება, ძალადობა მიუღებელია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი პრაიდის კვირეულთან და 5 ივლისს დაგეგმილ “ღირსების მარშთან” დაკავშირებით ამბობს, რომ გამოსვლისა და აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.
პრეზიდენტის განმარტებით, მისთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისთვის, ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის ყველანაირი ფორმა მიუღებელია.
“მიუღებელია იმიტომ, რომ ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა და მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისთვის. მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც.
ამიტომ ვთვლი ასევე, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის, ასევე, თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი”, – ამბობს ზურაბიშვილი.
დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა და მოუწოდა კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რეალურად დაიცვან მონაწილეების უსაფრთხოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები.
ნინო ლომჯარიას თქმით, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზირებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ.
“ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება“, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
______________________________________________________________
● მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პრაიდის კვირეული არ უნდა ჩატარდეს
• “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”
● ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
_________________________________________________________________
„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება – მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეულის კულმინაცია იქნება 5 ივლისს “ღირსების მარში” – ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.
Tbilisi Pride- ის გეგმებმა გააღიზიანა ექსტრემისტი მემარჯვენეები. ბიზნესმენმა, ულტრა-კონსერვატიული მოძრაობა “ერის” დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ, რომელიც ქვეყანაში ჰომოფობიური და ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. 15 ივნისს მან „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად და „გარყვნილების პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მისაღებად.
ვასაძის მოთხოვნები ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თბილისი-პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, რადგან ამ ღონისძიებას სხვადასხვა ძალები პროვოკაციების და დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენებენ.
განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საპატრიარქო მიმართავს ევროპარლამენტარებს და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და წახალისებისაგან, რადგან საპატრიარქოს აზრით, ეს გამოიწვევს საქართველოში “დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას”.
ასევე, საპატრიარქო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვას პრაიდის კვირეულის ჩატარება.