მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პრაიდის კვირეული არ უნდა ჩატარდეს
“ღირსების მარში სოლიდარობისთვის” – ასე ჰქვია აქციას, რომელიც 5 ივლისს, Tbilisi Pride-ის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გაიმართება და მასში ლგბტქ თემის წევრებთან ერთად, სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.
პარლამენტის ყოფილი სპიკერის და ამჟამად “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე.
მისი განცხადებით, პრაიდის ორგანიზატორები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ საკითხს და ღონისძიება არ უნდა დაეგეგმათ.
“მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე. მთელი კონტექსტის გათვალისწინებით […] ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია ეკლესია მე გამიგორებს კოჭს.
ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება. ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ, თუმცა რაც არის ეგ არის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
_________________________________
• ორი აქცია კანცელარიასთან: ერთმანეთს ლგბტ-პრაიდის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ
• “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”
● ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
_________________________________
15 ივნისს, ულტრამემარჯვენე პარტიის დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიანი ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში”.
ის ხელისულფებას დაემუქრა და ულტიმატუმი წაუყენა – მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი “ესკალაციასა” და “დაპირისპირებას”.
“დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში”, – ამბობს ვასაძე.
კომენტარი გააკეთა “თბილის პრაიდის” აღმასრულებელმა დიექტორმა გიორგი თაბაგარმაც. მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ კობახიძე კოჭს უგორებს საპატრიარქოს და კრემლის მასხარა ვასაძეს.
თაბაგარის შეფასებით, სამწუხაროა, რომ კონსტიტუციონალისტი და საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ავტორი ამგვარ განცხადებებს აკეთებს, ფეხქვეშ თელავს საქართველოს უმთავრეს კანონს.
“ირაკლი კობახიძის განცხადება ყოვლად სამარცხვინო იყო, ეს პირდაპირ კოჭს უგორებს საპატრიარქოს, კოჭს უგორებს რუსეთის, კრემლის მასხარა ლევან ვასაძეს”. – ამბობს თაბაგარი.

“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღალ ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. გჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებსა და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა!” — ნათქვამია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.
ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:
- უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა;
- შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
- უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებულების დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
- დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.