ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპა ფიქრობს, როგორ გაათბოს მოქალაქეები, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს
საქართველოს პრემიერი ეკონომიკურ ზრდაზე
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მაშინ როცა ევროპა ფიქრობს, როგორ გაათბოს მოქალაქეები, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
“რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ამბობს ეტაპობრივად რუსულ გაზზე უარს და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი “რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში”, საქართველომ მოახერხა ის, რომ არათუ მხოლოდ მშვიდობა შეინარჩუნა, არამედ უზრუნველყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა:
“თითქმის 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, საზოგადოებრივ სამუშაოებს ვგულისხმობ მე, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები.”
პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება და გაფრთხილება – “გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით – სიმშვიდე, ნაკლები ემოციები.”
დღესვე მთავრობის მეთაურმა წარადგინა ახალი წინადადებაც, მისი თქმით, სუს-ის თანამშრომლების, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით გაიზრდება. როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი.
“იანვარში 10 პროცენტით გავზარდეთ ხელფასები ყველა საჯარო მოხელისთვის, 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდება იანვრიდან.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
● “მაშინ ხალხი მიხვდა, რომ არამხოლოდ საკუთარი თავი, ერთმანეთიც უნდა გადაერჩინათ”. 90-იანი წლების ენერგოკრიზისი საქართველოში
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
რვა თვეა უკრაინა რუსეთის სასტიკ თავდასხმებს იგერიებს, რუსეთი კი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა. ევროპამ ნაწილობრივ უარი თქვა რუსულ ენერგომატარებლებზე. აგრესორი ქვეყანა იმუქრება, რომ დასავლეთს სრულად შეუწყვეტს დენისა და გაზის მიწოდებას. რუსული პროპაგანდისტული მედია ხატავს აპოკალიპტურ სურათს, როგორი მძიმე ზამთარი ელის ევროპას.
27 სექტემბერს ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. Reuters-ის ცნობით, გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.
შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მეტად სავარაუდოა, რომ მილსადენებზე თავდასხმა რუსეთის მიერ განზრახ განხორციელდა. ხოლო რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის თქმით, ბალტიის ზღვაში Nord Stream-ის გაზსადენებზე განხორციელებული “ტერორისტული აქტების” უკან დასავლეთი დგას.
ასევე, CNN-ის ცნობით ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებთან, სადაც გაჟონვა მოხდა, რუსული საზღვაო ფლოტის გემები შენიშნეს.