საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წაგების შემდეგ მან ეს შანსი დაკარგა.
თამაში თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი თანამდებობიდან გადადგა.
“ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი ხუთი წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ”, – განაცხადა მან თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყო. თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს კორონავირუსის ეპიდემიის გამო. ერთ საათში უკვე ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოღებული კომენდანტის საათი იწყებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სტადიონთან ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა და თამაშს იქვე დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდა თვალს.
მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა გადაიღეს ერთი გულშემატკივარი, რომელიც სახლში ბრუნდებოდა და პოლიციამ 2 ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერა კომენდანტის საათის დარღვევის გამო.
პარალელურად, ფეისბუკზე გავრცელდა ფოტო, სადაც ცარიელ ტრიბუნებზე თბილისის მერი კახი კალაძე, “ქართული ოცნების” ლიდერები ირაკლი კობახიძე, ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ესწრებიან.
ამ ფოტომ გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ისინი შერჩევით სამართალზე და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნებდნენ.
_______________________________
ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. უეფას წინასწარი გეგმით, შეჯიბრებას 12-მა ქვეყანამ უნდა უმასპინძლოს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო კიდევ იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.
ევროპირველობაზე მონაწილეობას კონტინენტის 24 უძლიერესი გუნდი მიიღებს, რომლებიც უკვე გადანაწილდნენ ოთხ ჯგუფში. საქართველოს ნაკრები, ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში C ჯგუფში მოხვდებოდა, ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად.