საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1991–2025 წლების ქრონიკა - ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 107 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ სულ სამი წელი იარსება – 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. ასე დასრულდა საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობა და ქვეყანა 70 წლის განმავლობაში საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.
დამოუკიდებლობა ქვეყანამ 34 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილის რეფერენდიმის საფუძველზე აღიდგინა. თუმცა, ეროვნულ დღესასწაულად და დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი გამოცხადდა.
რა გზა განვლო საქართველომ ამ 34 წლის განმავლობაში? JAMnews-მა საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს მოუყარა თავი:
⬜ 1991 წელი – რეფერენდუმი, დამოუკიდებლობის აღდგენა, პირველი პრეზიდენტი
1991 წლის 31 მარტს საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა.
1991 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. თუმცა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
● საქართველოს პირველი რესპუბლიკა – რა მოგვცა დამოუკიდებლობის სამმა წელმა
● 36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 34 წელი აღდგენილი დამოუკიდებლობიდან
1991 წლის 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. დამოუკიდებელმა საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია. იგი გახდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, 52 წლის ზვიად გამსახურდია.
1991 წლის დეკემბერი – თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ერთი მხრივ და ოპოზიციის წარმომადგენლებს და აჯანყებულ სამხედროებს შორის მეორე მხრივ. დაპირისპირებამ ქვეყანაში დიდი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. თბილისის ცენტრში, რუსთაველზე დასეირნობდნენ ტანკები, ისმოდა ჭურვების აფეთქების ხმა. მოგვიანებით, სამოქალაქო დაპირისპირების ეპიცენტრმა სამეგრელოში გადაინაცვლა.
● 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში ომი დაიწყო
სამოქალაქო ომი ორ წელიწადს გრძელდებოდა. ომი კანონიერი ხელისუფლების დამხობით და პრეზიდენტ გამსახურდიას საქართველოდან განდევნით, შემდეგ მისი სიკვდილით დასრულდა. ქვეყნის სათავეში “სამხედრო საბჭო” მოვიდა. “სამხედრო საბჭო” იყო საქართველოს მმართველი ორგანო, რომელიც პუტჩის შემდგომ 1992 წლის 2 იანვრიდან 10 მარტამდე ქვეყანას მართავდა. საბჭოს წევრები იყვნენ ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა.
⬜ 1992 წელი – შევარდნაძის ეპოქის დასაწყისი, აფხაზეთის ომი, მძიმე 90-იანები
1992 წლის მარტში “სამხედრო საბჭოს” მოწვევით, საქართველოში მოსკოვიდან ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე. შევარდნაძე სათავეში ჩაუდგა დროებით, არალეგიტიმურ მთავრობას – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს.
მოგვიანებით, 1995 წლის ნოემბერში, შევარდნაძე ქვეყნის მეორე პრეზიდენტი გახდა. იგი ქვეყანას 11 წელიწადს მართავდა. შევარდნაძის ეპოქა და 90-იანი წლები — ეს იყო კრიმინალური ქაოსის, უშუქობის, სიცივის, სიღატაკისა და სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური კრიზისის პერიოდი. სამოქალაქო ომებმა, ეთნიკურმა კონფლიქტებმა და რუსეთის ღია ჩარევამ ქვეყანა ეკონომიკური ნგრევისა და სამართლებრივი ვაკუუმის ზღვარზე მიიყვანა. ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებამ მოიტანა სტაბილურობის მცდელობა, თუმცა დრომოჭმული მმართველობითი მოდელი ვერ გაუმკლავდა კორუფციას, მმართველი ელიტის კლანურობასა და საერთაშორისო იზოლაციას. დასავლური კურსი დეკლარაციის დონეზე კი არსებობდა, თუმცა რეალურად ქვეყანა დამოკიდებული რჩებოდა რუსულ ენერგორესურსებსა და სამხედრო კონტროლზე.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეუქცევადი პროცესები განვითარდა, რომლებსაც რუსეთიც უწყობდა ხელს. ეს რეგიონები საქართველოსგან გამოყოფას ითხოვდნენ. საომარი მოქმედებები ჯერ სამხრეთ ოსეთში დაიწყო (1990 წელს), მოგვიანებით კი – აფხაზეთში.
● აფხაზეთის ომი. როგორ დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი – ქრონოლოგია
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. სოხუმის დაცემის დღე – 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. გამარჯვება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზურ ძალებს და მათ მხარეს მებრძოლ ჩრდილო-კავკასიელებს დარჩათ.
საბოლოოდ აფხაზეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოცხადა, თუმცა არც აფხაზეთის და არც სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობას ამ დრომდე არც თბილისი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს (აღიარებულია გაეროს წევრი 5 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მიერ).
აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ომის შედეგად ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი დაიღუპა. სხვადასხვა დროს კონფლიქტების შედეგად, საერთო ჯამში, დაახლოებით 265 ათასი ეთნიკურად ქართველი დევნილად იქცა. ისინი დღემდე არ დაბრუნებიან საკუთარ მიწა-წყალს.
⬜ 1993 წელი – საქართველო დსთ-ს წევრი ხდება, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება
1993 წლის 9 დეკემბერს საქართველო დსთ-ს წესდებას შეუერთდა. დსთ-ს წევრობას წინ უძღოდა აფხაზეთის ომი და ედუარდ შევარდნაძის ფაქტობრივი იძულება. (საქართველომ დსთ-ის თავდაცვის მინისტრების ჯგუფი 2006 წლის 3 თებერვალს დატოვა, რადგანაც ამ ჯგუფის წევრობა არ იყო თავსებადი ნატოში გაწევრიანების სურვილთან.)
1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობით. გამსახურდიას თანამებრძოლები და ასევე მისი ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს.
⬜ 1995 წელი – კონსტიტუცია, საპრეზიდენტო არჩევნები
1995 წლის 24 აგვისტოს 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია.
1995 წლის 5 ნოემბერს საქართველოში ჩატარდა პირველი არჩევნები კონსტიტუციის მიღების შემდეგ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთ დღეს გაიმართა. გამარჯვება მოიპოვა შევარდნაძის პარტიამ – “საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა”, საქართველოს მეორე პრეზიდენტი კი, ედუარდ შევარდნაძე გახდა.
⬜ 1998 წელი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი
1998 წლის 29 ოქტომბერს შევარდნაძემ ანკარაში ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელება დაიწყო. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ნავთობსადენის მთავარი მიზანი იყო, რუსეთისგან დამოუკიდებლად მომხდარიყო ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან (შემდგომ ყაზახეთიდან) მსოფლიო ბაზარზე. ეს იყო დსთ-ში პირველი ნავთობსადენი, რომელიც გვერდს უვლიდა რუსეთს და ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის პირდაპირი მონაწილეობით ხორციელდებოდა. ვინაიდან, ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის ტრასპორტირება მოხდებოდა რუსეთის გვერდის ავლით, ეს შეამცირებდა მის გავლენას რეგიონში.
⬜ 1999 წელი – ევროპის საბჭოს წევრობა
1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა. “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!” – ეს ფრაზა, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, საქართველოს იდენტობის მისი ევროატლანტიკური სივრცისკენ მისწრაფების სიმბოლოდ იქცა.
⬜ 2003 წელი – "ვარდების რევოლუცია"
2003 წლის ნოემბერი – 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ, თბილისში დაიწყო მასობრივი მშვიდობიანი სახალხო გამოსვლები შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ პროტესტების პროცესში ოპოზიციის ლიდერად 36 წლის მიხეილ სააკაშვილი გამოიკვეთა – იუსტიციის ყოფილი მინისტრი შევარდნაძის მთავრობაში, რომელიც შევარდნაძის მწვავე ოპოზიციაში გადავიდა და ჩინოვნიკებს კორუფციაში ამხელდა. 23 ნოემბერს სააკაშვილი, ოპოზიციის სხვა ლიდერები და მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, სადაც გაყალბებული არჩევნების შემდეგ პირველი სხდომა მიმდინარეობდა. იმავე საღამოს შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, რასაც მოჰყვა საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. 23 ნოემბერს პარლამენტში შეჭრილ სააკაშვილს ხელში წითელი ვარდი ეჭირა იმის ნიშნად, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო. ეს მოვლენები საქართველოსა და მსოფლიოში “ვარდების რევოლუციის” სახელითაა ცნობილი.
⬜ 2004 წელი – ახალი პრეზიდენტი, ახალი დროშა, აჭარის კრიზისი, რეფორმები
2004 წლის 4 იანვარს საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. “ვარდების რევოლუციის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96 პროცენტით გაიმარჯვა. მისი წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები იყო: კორუფციასთან ბრძოლა, საჯარო სამსახურების რეფორმირება, ეკონომიკური რეფორმები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
2004 წლის 14 იანვარს პარლამენტმა საქართველოს ეროვნულ დროშად ხუთჯვრიანი დროშა დაამტკიცა. ამავე წელს, პარლამენტმა ახალი სახელმწიფო ჰიმნი და გერბი დაამტკიცა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამთავრობო დაწესებულების შენობის თავზე, საქართველოს ეროვნული დროშის გვერდით ევროპის დროშაც აღიმართა.
● როგორ აფასებენ “ვარდების რევოლუციას” ის ადამიანები, რომლებიც მის ავანგარდში იყვნენ
● უკრაინული მიშა
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● Six questions about Saakashvili you wanted to ask Georgians answered
2004 წლის 6 მაისს აჭარა დატოვა და რუსეთში გაიქცა ასლან აბაშიძე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ აღადგინა კონტროლი აჭარის რეგიონზე. ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფაქტობრივი ერთპიროვნული მმართველი იყო 1991-2004 წლებში. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აბაშიძის დამოკიდებულება ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მას “აჭარის ფეოდალსაც” ეძახდნენ, თუმცა ” ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აბაშიძე ფაქტობრივად გავიდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების იურისდიქციიდან, რასაც ახალ ხელიოსუფლებასთან მწვავე კონფლიქტი მოჰყვა.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ახალგაზრდა რეფორმატორებისგან შემდგარმა მთავრობამ წამოიწყო საჯარო სექტორის ყოვლისმომცველი რეფორმა. მათგან ყველაზე წარმატებულად პოლიციის რეფორმა მიიჩნეოდა. 2004 წლის ივლისში საგზაო პოლიციის დეპარტამენტი გაუქმდა. ერთი თვის განმავლობაში საქართველოს გზებზე საერთოდ არ იყო საგზაო პოლიცია. ამის შემდეგ დაიწყო საჯარო მედია-კამპანია ახალი თანამშრომლების მოსაზიდად. ახალწვეულების 15% ქალები იყვნენ. მათი ხელფასი თვეში 450 დოლარი გახდა, როცა მათ წინამორბედებს 30 დოლარი ჰქონდათ. 2467 მამაკაცი და ქალი, რომლებმაც შესარჩევი პროცესი გაიარეს, ჩართეს ორკვირიან საწვრთნელ კურსებში და დაურიგეს ახლად შექმნილი ფორმები მათი სახელის თვალსაჩინო წარწერით. ახალ პოლიციას, რუსული “მაკაროვების” ნაცვლად, ისრაელის წარმოების “ჯერიქოს” ტიპის პისტოლეტები დაურიგეს. 2004 წლის აგვისტოში ახალი საპატრულო პოლიცია მუშაობას შეუდგა. დანაშაულის დონე მკვეთრად შემცირდა, პოლიცია აღარ იღებდა ქრთამს.
მეორე მხრივ, სხვადასხვა ექსპერტი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ მთავრობას დანაშაულთან საბრძოლველად არალეგალური და არაკანონიერი ტაქტიკის გამოყენებისთვის და მუდმივად ისმოდა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები მთავრობის მიმართ.
⬜ 2005 წელი – ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, ბუშის ვიზიტი საქართველოში
2005 წლის 3 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია გაზის გამათბობლიდან გაჟონილი მომწამვლელი აირით მოიწამლა, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.
2005 წლის 9 მაისი ევროპული ტურნეს ფარგლებში თბილისში ჩამოდის ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. 10 მაისს მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ ბუშმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართეს. ეს პირველი და ჯერჯერობით ბოლო ვიზიტი იყო აშშ-ის პრეზიდენტის არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი სიმბოლური და სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენა იყო — ერთგვარი გეოპოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის და მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს პროევროპული კურსის მიმართ.
⬜ 2006 წელი – სანდრო გირგვლიანის საქმე
2006 წლის 28 იანვარს, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი თბილისთან ახლოს მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე აღმოჩნდა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. გარდაცვალებამდე გირგვლიანს თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან კონფლიქტი მოუვიდა. საქმეში ფიგურირებდნენ იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე და ასე შს მაღალჩინოსნები. სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და ამ საქმის არასათანადოდ გამოძიებამ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნა მნიშვნელოვნად შეარყია.
⬜ 2007 წელი – 7 ნოემბერი
2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ თბილისში ძალის გამოყენებით დაარბია ოპოზიციის მშვიდობიანი მიტინგი. იმავე დღეს სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია “იმედის” შენობაში, რომელიც ქართველ ოლიგარქს, ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიცია, პატარკაციშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარება. ვითარების განმუხტვის მიზნით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამ არჩევნების შედეგად სააკაშვილი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი.
⬜ 2008 წელი – ბუქარესტის სამიტი, აგვისტოს ომი
2008 წლის 3 აპრილს ბუქარესტში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველოს უარი უთხრეს წევრობის სამოქმედო გეგმის (მაპ-ის) მიღებაზე, თუმცა საქართველოს და უკრაინას მისცეს გარანტია, რომ ისინი აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები. ამის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ მოითხოვა საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული ამ პირობის გაუქმება.
2008 წლის 7 აგვისტო. რუსეთ-საქარველოს ომი ხუთ დღეს გაგრძელდა. შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა.
● აგვისტო, 2008. რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკები
საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გარკვეულ რაიონებზე; ათასობით ეთნიკურად ქართველი დევნილად იქცა; რუსეთმა კი 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს იყო პირველი ომი ევროპის ტერიტორიაზე 21-ე საუკუნეში.
⬜ 2012 წელი – "ქართული ოცნების" ეპოქის დასაწყისი
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა კოალიციამ, “ქართულმა ოცნებამ”, რის შედეგადაც ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობა დასრულდა და ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალა.
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტად აირჩიეს — ეს უკვე პოლიტიკური ძალაუფლების სრული გადაბარება იყო ყოფილი ოპოზიციისთვის. ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ შეცვალა მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა, რომელიც ასოცირდებოდა სწრაფ რეფორმებთან, თუმცა ასევე — ადამიანის უფლებებების უხეშად შელახვის ბრალდებებთან. ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი დაპირება სწორედ სამართლიანობის აღდგენა და მართლმსაჯულების სისტემის გამართვა იყო.
⬜️ 2013 წელი – სიძულვილის ჯგუფების თავდასხმა მოქალაქეებზე
2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეებმა და სიძულვილის ჯგუფებმა, რომელთა რიგებშიც იყვნენ სასულიერო პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეკრებილ მოქალაქეებს და ლგბტ აქტივისტებს. 2014 წლიდან 17 მაისი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოცხადდა. 2024 წელს, კი ” ქართულმა ოცნებამ” ეს დღე ოფიციალურად შეიტანა დღესასწაულების კალენდარსი და უქმედ გამოაცხადა.
⬜ 2014 წელი – ასოცირების შეთანხმება ევროპასთან
2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას – ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები უფრო მეტად დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.
⬜ 2015 წელი – წყალდიდობა თბილისში
2015 წლის 13 ივნისს ღამე ძლიერი წვიმების შედეგად თბილისში ადიდდა მდინარე ვერე. წყალდიდობას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 154 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. წყალმა წაიღო სახლები და მანქანები, წყალქვეშ აღმოჩნდა ზოოპარკი, წყალს გამოქცეული მტაცებელი ცხოველები კი თბილისის ცენტრში დასეირნობდნენ.
⬜ 2017 წელი – უვოზო მიმოსვლა ევროპასთან, "ციანიდის საქმე"
2017 წლის 28 მარტს 04 საათსა და 22 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა პოლონეთისკენ მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბოტრზეც ევროპაში უვიზოდ მიმავალი პირველი მგზავრები იმყოფებოდნენ. სწორედ 28 მარტიდან ამოქმედდა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
2017 თებერვალში თბილისის აეროპორტში დააკავეს დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე, რომელსაც “უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება” დაედო ბრალად.
● საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
გამოძიების ვერსიით, ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გავლენიანი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შხამიანი ნივთიერებით – ციანიდით მოწამვლას გეგმავდა. ამ საქმეს “ციანიდის საქმე” ეწოდა და ყველაზე გავლენიანი და დახურული ინსტიტუტის – ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანა.
⬜ 2018 წელი – მეხუთე პრეზიდენტი
2018 წლის 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველომ რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. იგი “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, 66 წლის სალომე ზურაბიშვილი გახდა. ზურაბიშვილი გახდა უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა პირდაპირი წესით აირჩია. ამის შემდეგ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია.
⬜ 2019 წელი – გავრილოვის ღამე, რუსთავი2, პოლიტიკური კრიზისი
2019 წლის 20 ივნისი საქართველოს თანამედროვე პოლიტიკურ კალენდარში მნიშვნელოვანი დღე აღმოჩნდა. ამ დღეს საქართველოში დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სხვადასხვა ფორმით დღემდე გრძელდება.
● მაკო გომურის ისტორია, რომელმაც თბილისში, საპროტესტო აქციაზე თვალი დაკარგა
● სამი წელი გავრილოვის ღამიდან. გზამკვლევი მათთვის, ვისაც დეტალები კარგად არ ახსოვს
20 ივნისს ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოაჩინეს. გავრილოვი თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდა. საქართველოს მოქალაქეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ასამლეა, რომელიც პარლამენტის შენობაში ტარდებოდა, რუსმა დეპუტატმა გახსნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა და აუდიტორიას რუსულად მიმართავდა. პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ეკითხებოდნენ ხელისუფლება – “რა უნდოდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? “ 21 ივნისს, გამთენიას პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორმა თვალი დაკარგა.
2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლებელი გახადა ოპოზიციურ არხს მფლობელი შეეცვალა და იგი პროსახელისუფლებო ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა.
● როგორ იბადებოდა და ეცემოდა „რუსთავი 2“
ამგვარად, რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე თითქმის ოთხწლიანი დავა, რომლის უკან ხელისუფლება იდგა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ბიძგი მისცა საქართველოში ახალ მედიარეალობას და სრულად შეცვალა მედიალანდშაფტი ხელისუფლების სასარგებლოდ.
⬜ 2020 წელი – პანდემია, 5 ივლისი, კარტოგრაფების საქმე და შარლ მიშელის ვიზიტები
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარალამენტო არჩევნები, რომლის შედეგები ოპოზიციამ არ აღიარა და უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით იმართებოდა აქციები. კრიზისის განმუხტვის საქმეში დასავლელი დიპლომატები და ევროპელი მაღალჩინოსნები ჩაერთნენ, კონკრეტულად კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც პირადად სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. შარლ მიშელის შუამავლობით შეიქმნა დოკუმენტი, რომელსაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოეყვანა. 19 აპრილს გაფორმდა “შარლ მიშელის შეთანხმება.” ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დათანხმდა, ხელისუფლება კი პირობას დებდა, რომ დაიწყებდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმას. თუმცა, ეს შეთანხმება ჩაიშალა, რადგან 28 ივლისს მმართველმა პარტიამ იგი ცალმხრივად დატოვა.
2020 წლის 5 ივლისს რამდენიმე ასეულმა ჰომოფობიურად განწყობილმა ადამიანმა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ სასულიერო პირებიც, დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი, ჩამოგლიჯეს პარლამენტის შენობასთან დაკიდებული ევროკავშირის დროშა (იმის ნიშნად, რომ დასავლეთი საქართველოში “გეი პროპაგანდას” ეწევა) და განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწროდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. შედეგად დაშავდა მედიის სამოცამდე წარმომადგენელი. მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც სასტიკად სცემეს. რამდენიმე დღეში ლექსო გარდაიცვალა. ‘საერთაშორისო ამნისტიის” განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთდა საკმარისი, რათა მოძალადეთა ქმედებები აღეკვეთად. 5 ივლისის დარბევის არც ერთი ორგანიზატორი არ დაუკავებიათ.
2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში პირველად გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირებული პირი. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 30 მარტს საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადდა. ჯამში პანდემიამ 17 ათას 132 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მილიონ მოსახლეზე კოვიდ-სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზე გავიდა.
2020 წელის 7 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, პროკურატურამ აღძრა საქმე დავით-გარეჯის მონასტრის გარშემო ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის უკანონო დათმობაზე. დააკავეს ორი კარტოგრაფი — ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებსაც, სააკაშვილის ხელისუფლების მითითებით, მნიშვნელოვანი რუკის გადამალვა და შედეგად აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დათმობა დასდეს ბრალად. რუკა, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, მოსკოვიდან ჩამოიტანა და საქართველოს პროკურატურას გადასცა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა.
● სამი არგუმენტი, რატომ არის კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებული
დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ საქმეს მტკიცებულებები არ ახლდა. ოპოზიცია და უფლებადამცველები მას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდნენ, რომლის მიზანიც იყო წინასაარჩევნოდ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაცია, ამომრჩეველთა პატრიოტულ გრძნობებზე თამაში (ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია “გარეჯი საქართველოა”). “ოცნების” მმართველობის დროს პირველად სწორედ ამ საქმეში გამოიყენეს ტერმინი “სინდისის პატიმრები”.
⬜️ 2021 წელი – სააკაშვილის დაბრუნება
2021 წლის 18 თებერვალს ყველასათვის მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გიორგი გახარია. გადადგომის მიზეზი გახდა ის, რომ გახარია წინააღმდეგი იყო ძალის გამოყენებით დაეკავებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. გადადგომიდან მალევე გახარიამ საკუთარი პარტია დაარსა. დღეს მისი პარტია ერთ-ერთი ანგარისგასაწევი ოპოზიციური ძალაა საქართველოში.
2021 წლის 1 ოქტომბერს, რვაწლიანი არყოფნის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი ქვეყანაში მალულად შემოვიდა, რადგან “ქართული ოცნების” მიერ ძებნაში იყო გამოცხადებული. რამდენიმე საათში ის დააკავეს. 2025 წლის ოქტომბერში შესრულდება ოთხი წელი, რაც იგი პატიმარია.
⬜️ 2022 წელი – საქართველო და უკრაინის ომი
2022 წლის 28 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გარკვეული ძალები, მათ შორის “რადიკალური ოპოზიცია” ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას. იქამდე ღარიბაშვილმა უკვე რამდენჯერმე თქვა, რომ “ეროვნული ინტერესებიდან” გამომდინარე, საქართველო არ აპირებდა შეერთებოდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს.
● უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი
● როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში საქართველოს გავლით
ზოგადად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოშიც დაიწყო ახალი ერა – საქართველოს ხელისუფლება უკვე მეოთხე წელია ამტკიცებს, რომ დასავლეთი, უკრაინა და ოპოზიცია ცდილობენ ქვეყნის ომში ჩათრევას – ეს გახდა ბოლო წლების მთავარი პროპაგანდისტული ნარატივი. ამავე დროს, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე უკრაინის მხარეს. 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, უკრაინაში დაღუპული ქართველების რიცხვმა 79 მიაღწია.
2022 წლის 16 მაისს ოპოზიციური ტელევიზიის, “მთავარი არხის” დირექტორს კერძო კომპანიისთვის მიყენებული ზარალის გამო 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზში დააკავეს. გვარამია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პატიმრობამისჯილი მედიამენეჯერი, ტელეწამყვანი და ოპოზიციური არხის თანამფლობელი გახდა. ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა პირველად შეიყვანა საქართველო იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჟურნალისტები მათი საქმიანობის გამო ციხეში ხვდებიან. გვარამია პრეზიდენტმა ზურაბისვილმა 2023 წლის ივნისში შეიწყალა.
2022 წლის 21 სექტემბერს საქართველოში შემოვიდა სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული ათასობით რუსეთის მოქალაქე.
● ერთი წელი ემიგრაციაში. როგორ მოეწყვნენ საქართველოში და რას აპირებენ ემიგრანტი რუსები
უკრაინაში ომის პარალელურად საქართველო გახდა სატრანზიტო ქვეყანა ასობით ათასი რუსეთის მოქალაქისთვის – ათიათასობით ემიგრანტი იმ ქვეყანაში ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას, ბიზნესის წარმოებას და უზრავი ქონების შეძენას.
⬜️ 2023 წელი – რუსული კანონი, შოვის ტრაგედია, ჩინეთთან მეგობრობა, კანდიდატის სტატუსი
2023 წლის 2 მარტს თბილისში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების” სატელიტი პარტიის, “ხალხის ძალის” მიერ დაიინიციირდა. ინიციატივას მალევე დაერქვა „რუსული კანონი“, რადგან ასეთივე კანონი კრემლმა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შესავიწროებლად გამოიყენა. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გამოსულ ახალგაზრდებს, ხელისუფლებამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი დაუშინა. მზარდი პროტესტის ფონზე 9 მარტს მთავრობამ უკან დაიხია და კანონპროექტიც გაიწვია.
2023 წლის 3 აგვისტოს, დღის სამ საათზე, რაჭასი, კურორტ შოვში, ღვარცოფი მოვარდა. ტალახისა და ლაფის უზარმაზარმა მასამ რამდენიმე წუთში დაფარა მთელი დაბა. გზად გადაუარა კოტეჯებს, სადაც ადამიანები ისვენებდნენ. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, მანქანები, უზარმაზარი ხეები.
● “ვერც მე, ვერც ბავშვი ვერ ვივიწყებთ”. ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან
ჰექტრობით ტერიტორია ტალახის მასად იქცა. მეწყერ-ღვარცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მიწასთან გაასწორა ცნობილი კურორტი შოვი და დატოვა უამრავი კითხვა, სამაშველო სამსახურის გამართულობასთან დაკავშირებით.
2023 წლის ივლისში ხელი მოეწერა დოკუმენტს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით. დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე “ოცნება” ჩინეთთან ურთიერთობებს აძლიერებს – ხელისუფლებამ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლება აშშ-ის მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას მისცა.
●საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს: ჩინეთთან მეგობრობის რისკები და შესაძლებლობები
●საქართველოს ორმაგი თამაში – ევროინტეგრაცია და ჩინური ინვესტიციები
●ანაკლია – პოლიტიკურ ჭაობში ჩაძირული მომავალი
● საქართველოში ჩინური კომპანიების რეგისტრაცია ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
11 სექტემბრიდან საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. 2024 წელს ქვეყანაში ჩინური ბიზნესების რეგისტრაცია 96,6%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. პლანეტის ნომერ მეორე ეკონომიკასთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე ასვლას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება დასავლეთისთვის ზურგის შექცევად აღიქვა.
2023 წლის 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 9 დათქმის შესრულების პირობით მიენიჭა. Მათ შორის გაჩნდა ახალი მოთხოვნა, რომ ქვეყანამ თავისი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკას დაუახლოოს.
⬜️ 2024 წელი – არჩევნები, რუსული კანონები, პროევროპული პროტესტი, პოლიტპატიმრები
2024 წლის 14 მაისს, მიუხედავად მრავალათასიანი აქციებისა და დასავლეთის მწვავე კრიტიკისა, საქართველოს პარლამენტმა, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელიც ხელახლა დააინიცირა. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი. პარალელურად ოცნების ლიდერები გამოირჩეოდნენ საქართველოს უცხოელი პარტნიორების განსაკუთრებული კრიტიკითა და “გაშავებით” და ასევე სიძულვილსა და ძალადობას ახალისებდნენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
2024 წლის 26 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევრო 2024-ზე ოთხი მატჩი ითამაშეს, მერვედფინალში გავიდნენ.
2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მსგავსი შინაარსის კანონი რუსეთშიც მიიღეს. საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე “ქართული ოცნება” მთელი რიგი ისეთი საკანონმდებლო ინიციატივებით გამოვიდა, რომლებსაც საერთაშორისო სამართლის ექსპერტები და იურისტები დემოკრატიული პროცესის უკუსვლად აფასებენ.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში მრავალი მიზეზით უწოდებდნენ ისტორიულსა და გადამწყვეტს. ეს იყო ისტორიაში პირველი არჩევნები, რომლებიც სრულად პროპორციული წესით და ასევე, პირველი არჩევნები, რომლებიც მეტწილად ელექტონული სისტემით ჩატარდა. ამავე დროს, ბევრისთვის ეს არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად იქცა – პროდასავლურად განწყობილი ამომრჩევლისთვის ეს იყო შანსი, ქვეყანა კვლავ დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ კურსს. თუმცა, არჩევნების დღეს და მანამდე გამოვლენილმა დარღვევებმა კენჭისყრის შედეგები ეჭვქვეშ დააყენა – არჩევნების შედეგები არ აღიარებს პოლიტიკურმა ოპოზიციამ, სამოქლაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა. “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა საქართველოს დასავლელი პარტნიორების დიდმა უმრავლესობამ.
2024 წლის 28 ნოემბერს, საღამოს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” სათავო ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ გამართა ბრიფინგი, სადაც გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე საქართველო აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. კობახიძის ბრიფინგის დასრულებისთანავე, 28 ნოემბერს საღამოს, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტის ამ ტექსტის გამოქმეყნების დრომდეც [26 მაისი, 2025 წელი] გრძელდება. თავდაპირველად მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავები იყენებდნენ სპეცტექნიკას – ჭყლის ჭავლს, ცრემსადენ გაზს, წიწაკის სპრეის. სასტიკად ნაცემია ასობით ადამიანი. პოლიციის ძალადობა – დემონსტრანტების ცემა და ძარცვა – უფლებადამცველებმა წამებად შეაფასეს.
2024 წლის 30 ნოემბერსს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით კობახიძის ცნობილი განცხადებიდან ორ დღეში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გაჩნდა განცხადება, რომ აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
2024 წელს ისტორიაში პირველად, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან – ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, სანქცირებული ხელისუფლება ჰყავს. სანქცირებულთა შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესმენები, კერძო პირები და “ქართული ოცნების” სხვა წევრები.
2024 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის, “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ყაველაშვილი პირველი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც ხალხის მიერ არ არის არჩეული – იგი 14 დეკემბერს დელეგატებმა არაპირდაპირი წესით აირჩიეს. ვინაიდან ოპოზიცია, სამოქლაქო საზოგადოება, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე საერთაშიროსო თანამეგობრობის დიდი ნაწილი არ აღიარებენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, შესაბამისად არალეგიტიმურად მიიჩნევა მე-11 მოწვევის პარლმენტი და ამ პარლემენტის მიერ დანიშნული მთავრობა და არჩეული პრეზიდენტიც.
⬜️ 2025 წელი – FARA და სხვა ანტიდემოკრატიული კანონები, მზია ამაღლობელის დაკავება, პოლიტიკური რეპრესიები
2025 წელს “ქართული ოცნება” აგრძელებს დასავლეთისგან დისტანცირების პოლიტიკას. მიღებულია რამდენიმე ატიდემოკრატიული კანონი (ე.წ. FARA, “გრანტების შესახებ კანონი”, პოლიტიკური პარტიების ამკრძალავი კანონი, შეკრების თავისუფლების ამკრძალავი კანონი და სხვა, რაც ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული აზრის არსებობას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე დააკავეს მედიაგამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ასევე, აკავებენ ოპოზიციის ლიდერს ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს.
საპასუხოდ, დასავლური ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას სანქციებით ემუქრებიან და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილის ხელისუფლებას “ანტიამერიკულს” უწოდებს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 6 მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
რუსთაველის გამზირზე გრძელდება უწყვეტი პროტესტი. ციხეში კვლავ რჩება 50-ზე მეტი უკანონო პატიმარი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს პროევროპულ აქციებზე დააკავა.

ფოტო: დავით ფიფია/JAMnews