Amnesty International: ნიკა გვარამიას განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია
გვარამიას განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია
Amnesty International-ის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრუტერსი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
“ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას ახლა გისოსებს მიღმა წლების გატარება ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
სტრუტერსის თქმით, Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება:
“ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, რაც დაადასტურეს “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” და საქართველოს სახალხო დამცველმა, რომლებიც აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესს. საქმე ამ საკითხების გადასაჭრელად საჩივრდება.
ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა გამოკვეთს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების დაქვეითებასთან დაკავშირებით და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოებზე რიგ საქმეებზე, რომელთა მიზანი მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების შეკავებას”. – განაცხადა სტრუტერსმა.
16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
მკაცრს შეფასებას აკეთებს აშშ-ის საელჩო – ის პროცესში “შერჩევით გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკას ხედავს, მიმართულს ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ”.
ხოლო საქართველოს ოთხი ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯერები მოუწოდებენ დასავლეთს, არ მისცეს საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია ქვეყანაში.