21 წლის შემდეგ. როგორ აფასებენ "ვარდების რევოლუციას" ის ადამიანები, რომლებიც მის ავანგარდში იყვნენ
ვარდების რევოლუციის 20 წლის თავი
21 წლის წინ 23 ნოემბერს, იმდროინდელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, 35 წლის მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პარლამენტში თავის მხარდამჭერებთან ერთად შეიჭრა და ამით ედუარდ შევარდნაძის 11 წლიანი მმართველობა დაასრულა.
უსისხლო სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი 2003 წლის 2 ნოემბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გახდა. მაშინ როდესაც ეგზიტპოლების შედეგებით პირველ ადგილზე სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობა” გავიდა, ცესკო-მ გამარჯვებულად სახელისუფლო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” გამოაცხადა.
სააკაშვილმა და შევარდნაძის ხელისუფლების სხვა ოპონენტებმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. იგივე დაადასტურეს უცხოელმა დამკვირვებლებმა, რაც გაიზიარა მოსახლეობის უმრავლესობამაც.
მოპარული არჩევნების წინააღმდეგ პირველი დემონსტრაცია 4 ნოემბერს ჩატარდა.
ქუჩაში გამოვიდა ათასობით ადამიანი. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო იმ სამი პოლიტიკური ლიდერიდან, რომლებიც საპროტესტო ტალღის სათავეში აღმოჩნდა.
პარლამენტის ყოფილი სპიკერები – ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე – მაშინ სააკაშვილზე უფრო გამოცდილი და გავლენიანი პოლიტიკოსები იყვნენ. თუმცა, ქუჩაში ხალხი „მიშას“ სკანდირებდა.
მიუხედავად ხალხის პროტესტისა, ხელისუფლებამ არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა და 22 ნოემბერს, 15.30 საათზე ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სესია დანიშნა.
პარლამენტს გარეთ კი, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები იდგნენ.
იმ დროს, როდესაც ახლად არჩეულ პარლამენტს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიმართავდა, მომიტინგეთა ნაწილი შენობაში შეიჭრა. მათ წინ მიუძღოდა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ხელში ვარდი ეჭირა ნიშნად იმისა, რომ მომიტინგეები უიარაღოდ იყვნენ და მშვიდობიანი განზრახვა ჰქონდათ. სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად სხდომათა დარბაზში შევარდა შევარდნაძე დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა – სააკაშვილმა ტრიბუნასთან მისი ადგილი დაიკავა და მისი დატოვებული ჩაი დალია.
20 წლის წინ მომხდარი ეს მოვლენები ქვეყნის უახლეს ისტორიაში “ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა.
ედუარდ შევარდნაძის წასვლის შემდეგ, 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა, 28 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კი ხმების აბსოლუტური უმეტესობა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო.
სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, ვიდრე 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებასთან” არ დამარცხდა.
ამ ისტორიული მოვლენის 20 წლის თავს “ვარდების რევოლუციის” ლიდერი ციხეში შეხვდება. სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს – მის წინააღმდეგ ხუთი საქმეა აღძრული.
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● როგორ იბადებოდა და ეცემოდა „რუსთავი 2“
სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ “ვარდების რევოლუცია” ქვეყნის ცხოვრებაში გარდამტეხი თარიღი იყო. თუმცა, სააკაშვილის მემკვიდრეობას ქვეყანაში არაერთგვაროვნად აფასებენ.
2004 წელს სააკაშვილმა მასშტაბური რეფორმები წამოიწყო – გაჩნდა პოლიცია, რომელიც ქრთამს არ იღებდა, რადიკალურად შემცირდა კრიმინალი, თითქმის 10-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი, ტოტალურ უშუქობაში მყოფ ქვეყანაში გაჩნდა ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში, ქვეყანამ აქტიურად დაიწყო სვლა ევროსტრუქტურებისკენ, მოქალაქეები აღარ იხდიდნენ ქრთამს საჯარო სერვისებისა თუ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.
საქართველომ გაატარა რადიკალური რეფორმები ეკონომიკურ სფეროში, მნიშვნელოვნად გაამარტივა საგადასახადო კანონმდებლობა და გაამარტივა ბიზნესპროცედურები. ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებდა.
თუმცა, ამავე დროს, სააკაშვილის მმართველობის დროს მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემის, კერძო საკუთრების კუთხით. ასევე მედიაზე ზეწოლა, 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის სასტიკი დარბევა და მსხვილი ბიზნესმენებისგან თანხების გამოძალვა – ეს არასრული სიაა იმ პრეტენზიების, რასაც ოპონენტები სააკაშვილის ხელისუფლებას უყენებდნენ.
სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე დიდ შავ ლაქად რჩება სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარების საქმე, რაშიც უშუალოდ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებენ.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლება ოპოზიციაშია, “ვარდების რევოლუციის” წლისთავებს ხელისუფლება პომპეზურად აღარ აღნიშნავს. მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა “თავხედობაა” და რომ “ვარდების რევოლუციამ” ქვეყანას ადამიანების წამება მოუტანა”.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა “ვარდების რევოლუციას“დადებით მოვლენად აფასებს.
NDI-ს კითხვაზე – თქვენი აზრით, ვარდების რევოლუცია საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? გამოკითხული მოსახლეობის 74% ფიქრობს, რომ კარგი მოვლენა იყო. ამასთან, კვლევის თანახმად, ვარდების რევოლუციას დადებით მოვლენად აფასებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 68%.
JAMnews-მა “ვარდების რევოლუციის” 20 წლის თავთან დაკავშირებით გამოჰკითხა სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები, ის ადამიანები, რომლებიც ან უშუალოდ მონაწილეობდნენ პროცესში ან აქტიურად მხარს უჭერდნენ მას. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ისინი “ვარდების რევოლუციაზე” 20 წლიანი გადმოსახედიდან. რა იყო რევოლუციის მთავარი მიღწევა და მთავარი ჩავარდნა.
გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი
„ვარდების რევოლუცია“ იყო და არის ქართული საზოგადოების ძალიან მკაფიო ნების გამოვლინება, რომ თანამედროვე, თავისუფალი, დასავლური ტიპის სახელმწიფო გვინდა. ეს იყო ყველა მავნებლური კლიშეს ნგრევა: იმ საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა სტერეოტიპის, რომ ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ სპორტში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ, მაგრამ ქვეყნის მართვა არ შეგვიძლია;
რომ არ შეგვიძლია გვქონდეს ქვეყანა, სადაც კრიმინალი და კორუფცია არ იქნება და ა.შ.
ამ ყველაფრის პასუხი იყო „ვარდების რევოლუცია“. ეს იყო მენტალური რევოლუცია, როგორც უწოდა ერთმა კარგმა მიმომხილველმა.
თუმცა, დღევანდელი ვითარება სწორედ იმის საბუთია, რომ „ვარდების რევოლუცია“ ჯერ არ დასრულებულა. დასრულდება მაშინ, როდესაც სრულფასოვანი ტრანსფორმაცია მოხდება ჩვენი ქვეყნის აღმატებული ტრადიციის მქონე რესპუბლიკად, დასავლურ ცივილიზაციაში ჩვენი ბუნებრივი ადგილის დაბრუნებით. ქვეყნის შიგნით საბოლოო ტრანსფორმაციით და ამ სამყაროში ჩვენი ისტორიული ადგილის დაბრუნებით.
შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრებები იყოს, თუ რა უნდა გაკეთებულიყო მაშინ პირველ რიგში. თუმცა, ჩემი აზრით, საზოგადოების მთავარ კითხვას “ვარდების რევოლუციის” პირველმა ეტაპმა ძალიან მკაფიო პასუხი გასცა. ჩვენ სახელმწიფოდ შევდექით და დავამტკიცეთ, რომ დისფუნქციურობა, კორუფცია და კრიმინალი ჩვენი ენდემური თვისებები არ არის.
რაც შეეხება იმას, თუ რა არის აუცილებელი იმ პროცესის დასრულებისთვის და რაც მაშინ არ გაკეთდა სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გამო, ეს არის სასამართლო. დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის შექმნა, მართლმსაჯულების და მოქალაქეების მონაწილეობით. თუ ერთი რამ უნდა გამოვყოთ, ესაა და, თუ რამდენიმე უნდა ვახსენოთ, მაშინ ეს არის სასამართლო, კერძო საკუთრება, დეცენტრალიზაცია ყველაფერში, თვითმმართველობა და ხელისუფლების დანაწილება.
იმ პერიოდის ხელისუფლებისთვის ხელისშემშლელ ობიექტურ მიზეზებს შორის იყო ზოგადად ის გეოპოლიტიკური ტენდენცია, რომელიც გაუარესდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ჩვენი მტერი, რომელიც მანამდე ძალიან დასუსტებული იყო, სწორედ იმ პერიოდიდან ძალებს იკრებდა. ეს ყოველთვის ხელისშემშლელი ფაქტორია და წამლავს პოლიტიკურ დისკუსიასაც. შენი ქვეყნის შიგნით შემოაქვს მტრის ამოცანები, რაც ყოველთვის საზიანოა ეროვნული დღის წესრიგისთვის. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი.
ასევე ნაწილობრივ ხელისშემშლელ ობიექტურ ფაქტორად დავასახელებდი იმას, რომ რევოლუციის შედეგად მოსულ პოლიტიკურ გუნდს ალტერნატივა პრაქტიკულად არ ჰყავდა. პოლიტიკურმა ძალებმა ან პოლიტიკური სუიციდი ჩაიდინეს რევოლუციის წინააღმდეგ ყოფნით, ან შემდეგ ასლან აბაშიძესთან ყოფნით, ან ბოლომდე შავრაზმულ-პუტინისტური იდეოლოგიის პოპულიზმით.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სუბიექტური მიზეზებიც. თუნდაც ის ფაქტი, რომ საფრთხეები ლეგიტიმურია, არ ამართლებს ალყაში მყოფის განწყობით ქვეყნის მართვას, ძალაუფლების მონოპოლიზაციას. არ ამართლებს იმ შიშს, რომ რეფორმა, რომელიც აუცილებლად გასატარებელია, საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას, მტრების მიერ გამოყენებული იქნება ქვეყნის დასანგრევად და ა.შ. ეს შიშები, რომლებიც ბოლოსდაბოლოს მიდის ძალაუფლების დაკარგვის შიშთან, ჰქონდა იმ პოლიტიკურ კლასს, რომელსაც მეც წარმოვადგენდი და აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო ამ შიშების საფუძველზე იმ ნაბიჯების არგადადგმა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.”
თინა ხიდაშელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, “ვარდების რევოლუციის” პერიოდში სააკაშვილის თანაგუნდელი
“ვარდების რევოლუციის” მთავარი მონაპოვარი, ჩემი აზრით, ის კონკრეტული შედეგები კი არ იყო, რაც რეფორმებში გამოიხატა ან ვერ გამოიხატა, არამედ იყო განწყობის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც „ვარდების რევოლუციამ“ მოიტანა.
ადამიანებს გაუჩნდათ ოპტიმიზმი და საკუთარი სახელმწიფოებრიობის, საკუთარი თავის რწმენა. ეს არის “ვარდების რევოლუციის“ მთავარი მონაპოვარი და ეს არის ის, რაც, მაგალითად, დღევანდელ საქართველოს აკლია.
ამიტომაც განსაკუთრებით მძიმე იყო შემდეგ უკვე „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული ნაბიჯები, რომელიც შესაძლოა, სხვა ვითარებაში ისე მძიმედ აღსაქმელი არ ყოფილიყო, როგორც ამ კონკრეტული ფაქტორის გათვალისწინებით.
გამოვიდა, რომ ისინი მხოლოდ დემოკრატიას კი არ დასცილდნენ, არამედ იმ დიდ რაღაცას უღალატეს, რომელიც ქვეყანაში სამომავლო პერსპექტივის ფუნდამენტი უნდა გამხდარიყო. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ ქვეყანაში რა რეფორმა გატარდა ან ვერ გატარდა, ყველაზე კარგი ამბავი ის იყო, რომ ოპტიმიზმი გააჩინა, სახელმწიფოსადმი რწმენა გააჩინა, ადამიანებს ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი დაუბრუნა „ვარდების რევოლუციამ“ და მერე იმ პოლიტიკამ, რომელმაც სააკაშვილი, როგორც „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი ატარებდა, ერთგვარად უზარმაზარი იმედგაცრუება და რაღაც მხრების ჩამოყრა გამოიწვია, რომ ამითაც თუ არ გამოვიდა, მაშინ ამ ქვეყანას საერთოდ რაღა ეშველება. ასეთ პესიმისტურ განწყობებამდე მივიდა ეს ყველაფერი.
ძირითადი პრეტენზია მიხეილ სააკაშვილი მიმართ არ არის იმაში, თუ მეტი რა ვერ გააკეთა, არამედ იმაში, რომ თუ რა არ უნდა გაეკეთებინა. რაც არ გააკეთა კი არ იყო პრობლემა, არამედ პრობლემა იყო სწორედ იმასთან მიმართებით, რაც გააკეთა.
ჩვენი პრეტენზია იმაში იყო, რომ რეპრესიული მექანიზმები აამოქმედეს მაშინ, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ თავიდან ბოლომდე თავისუფლების იდეაზე იყო აწყობილი. ანუ, თავისუფლების წინააღმდეგ რატომ წავიდნენ, ამაზე ვედავებოდით და არა იმაზე, მაგალითად, 9-ის მაგივრად 7 რატომ გაკეთდა და ა.შ.
ბევრი რამე გააკეთა ცუდად და თან ისე ცუდად, რომ თავად წავიდა „ვარდების რევოლუციის“ იდეის წინააღმდეგ. ამან დააყენა სწორედ დარტყმის ქვეშ „ვარდების რეცოლუციის“ მონაპოვარი.”
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, 2004-2008 წლებში იყო პარლამენტის წევრი:
“დღევანდელი გადასახედიდან მე არ ვუყურებ “ვარდების რევოლუციას”, როგორც რაღაც ეპოქალურ გადატეხას. თუმცა, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ეს ასე ყოფილიყო.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მანამდე თითქოს არაფერი არ იყო, ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო და ყველაფერი გაჩნდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ასე ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, “ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდში მართლაც არსებითი რამეები გაკეთდა.
“ვარდების რევოლუციას” ჰქონდა შანსი დაესრულებინა პოსტსაბჭოთა ეპოქა და დემოკრატიული, ახალი საქართველოს დაბადების თარიღი გამხდარიყო. იყო შანსი, რეალურად წავსულიყავით ევროპული ტიპის, ცივილიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. კი, რაღაცები გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ უფრო მეტი არ გაკეთდა.
საზოგადოებაში სხვადასხვა მოლოდინები არსებობდა. დიდი ნაწილისთვის მთავარი იყო სოციალური პრობლემების მოგვარება – პენსიონერებისთვის მთავარი პრობლემა იყო პენსიის აღება. ეს მოგვარდა ასე თუ ისე.
ბევრისთვის პრობლემა იყო განუკითხაობა, კრიმინალი, მოშლილი მმართველობითი სტრუქტურები. ის, რომ ქურდული სამყარო განაგებდა ყველაფერს. ეს ყველაფერიც დიდწილად მოგვარდა.
მაგრამ ვისაც ჰქონდა იმედი, რომ აშენდებოდა დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო, ანუ გარდა სახელმწიფოებრიობის და სახელისუფლებო, სამთავრობო სტრუქტურების გაძლიერებისა, ჩვენ მივიღებდით უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ თვითმმართველობას, უფრო მეტად პლურალისტურ საზოგადოებას, ეს არ გაკეთდა.
ძირითად მიღწევად მიმაჩნია ის, რასაც ყველაზე ნაკლებად აღნიშნავენ ხოლმე. ხოლო რასაც დიდ წარმატებად მიიჩნევენ, სულ არ მგონია, რომ წარმატება იყო.
რეალურად დიდი წარმატება იყო საგადასახადო სისტემის მოწესრიგება, საჯარო სამსახურების დამსგავსება ნორმალური საჯარო სამსახურებისთვის. ეს ნამდვილად გაკეთდა.
ავტორიტარული მეთოდები სადაც იყო საჭირო, იქ ყველაფერი გამოვიდა. მაგრამ სადაც ავტორიტარიზმის ნაცვლად სხვა ტიპის პოლიტიკა იყო საჭირო, იქ მოხდა ჩავარდნა.
მთავარი პრობლემა ეს იყო, რომ “ვარდების რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ამჯობინა ძალაუფლების განმტკიცება და დემოკრატიული რეფორმები გაურკვეველი დროით გადადეს. მათ თქვეს – მოდი, ჯერ ძალაუფლება განვიმტკიცოთ, ამ ძალაუფლების რაც შეიძლება მეტი კონცენტრაცია მოვახდინოთ ვიწრო წრეში. 4-5 ან შეიძლება სულაც 2-3 ადამიანი წყვეტდა ყველაფერს.
ძალაუფლების კონცენტრაციამ მიგვიყვანა ავტორიტარიზმამდე. არანაირი დემოკრატიული ძვრები არ დაწყებულა და ვერც დაიწყებოდა. ეშინოდათ, რომ ძველი ნომენკლატურა ისევ ძლიერი იყო და რევანში მოჰყვებოდა. სინამდვილეში კი რევანშის არანაირი საფრთხე არ იყო, რადგან ის ხელისუფლება ძალიან დიდი მორალური უპირატესობით იყო მოსული, რომლის მსგავსი რამ ძალიან რთულია, რომ როდისმე მოხდეს.”
გია ნოდია, პოლიტოლოგი. 2008 წელს იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი:
„ვარდების რევოლუციის“ მთავარი მნიშვნელობა იყო ის, რომ პრაქტიკულად შექმნა რაღაც ახალი ქართული სახელმწიფო.
კი, ფორმალურად ჩვენ გვქონდა დამოუკიდებლობა 12 წლის განმავლობაში, მაგრამ იყო განცდა, რომ საქართველო წარუმატებელი პროექტია. ის არსებობს, მაგრამ არ არის ფუნქციური სახელმწიფო.
„ვარდების რევოლუციის“ შედეგად კი ჩამოყალიბდა ფუნქციური სახელმწიფო. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არის რუკაზე. შესაძლოა, არ არის ძალიან ცენტრალური და მნიშვნელოვანი, მაგრამ აქვს იმიჯი, რეპუტაცია, შედარებით მყარი პოლიტიკური ორიენტაცია და ა.შ. ეს ყველაფერი არის „ვარდების რევოლუციის“ შედეგი.
რაც შეეხება ჩავარდნას თუ წარუმატებლობას, ეს უკავშირდება იმ ორ ძირითად მოლოდინს, რაც ამ რევოლუციასთან დაკავშირებით არსებობდა და არ გამართლდა.
ერთი ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. არსებობდა მოლოდინი და იმედი, ჩემი აზრით, არცთუ საფუძვლიანი, მაგრამ მაინც არსებობდა იმედი, რომ გადაწყდებოდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ეს იმედი არ გამართლდა და ჩემი აზრით, ამ მოლოდინის გამართლების შანსიც არ იყო.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით გადაიდგა არსებითი ნაბიჯები – ჩამოყალიბდა სახელმწიფოს საზღვრები. მანამდე ისიც კი არ ვიცოდით, აჭარა იყო თუ არა რეალურად საქართველოს ნაწილი. პრაქტიკულად რომ შევხედოთ, რაღაც აზრით იყო და რაღაც აზრით – არა. და ეს საკითხი მოგვარდა.
გარდა ამისა, დე ფაქტო საზღვრებიც ჩამოყალიბდა 2008 წელს. ამ პროცესს ახლდა ფრუსტრაციაც, რადგან ამ საზღვრებში არ შემოვიდა ის ტერიტორიები, რომლებიც საერთაშორისო სამართლით ჩვენია – მხოლოდ 80 პროცენტი შემოვიდა და 20 პროცენტი გარეთ დარჩა. ეს ერთი წარუმატებლობაა.
მეორე არის ის, რომ დემოკრატიის ნაწილში 2003 წელს ასევე არსებობდა მოლოდინი, რომ ჩამოვყალიბდებოდით, როგორც დემოკრატია, მაგრამ ასე არ მოხდა.
ფუნქციური სახელმწიფო ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს ფუნქციური სახელმწიფო არ არის დემოკრატიული. არის ნაწილობრივ დემოკრატიული და ნაწილობრივ ავტოკრატიული.
ვთვლი, რომ ეს მოლოდინიც გაზვიადებული იყო, რადგან დემოკრატიის გამყარების მოლოდინი უკავშირდებოდა რეფორმებს ანუ, ზემოდან ქვემოთ დემოკრატიის მშენებლობას. აი, მოდის კარგი მთავრობა, ის გაატარებს დემოკრატიულ რეფორმებს და ამით გამყარდება დემოკრატია.
გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ყოველთვის დემოკრატიულად არ მოქმედებდა და მისი გარკვეული ნაბიჯები არ უწყობდა ხელს დემოკრატიას, თუმცა ზოგადადაც დემოკრატია არ მყარდება კარგი ხელისუფლების კეთილი ნებით.
დემოკრატიის ჩამოყალიბებას სჭირდება მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები პოლიტიკურ კლასში; ფართო გაგებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების; სოციალურ ძალებს შორის ერთგვარი ბალანსი.
გასაგებია რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდა ინტერესი, გაეძლიერებინა, ასე ვთქვათ, თავისი მოწინააღმდეგეები, მაგრამ ეს არც სხვა ხელისუფლებას არ ექნებოდა.
ასე რომ, დემოკრატიის ჩამოყალიბების საკითხი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კონკრეტული ხელისუფლების შეფასება. საერთო ჯამში კი, ცალსახაა, რომ ყველაზე კარგი რამ, რაც საქართველოში ამ 30 წლის განმავლობაში მოხდა, მაინც იყო „ვარდების რევოლუცია“ და ის ნაბიჯები და ის რეფორმები, რაც გადაიდგა რევოლუციის შემდეგ პირველ წლებში.”
ზურაბ ჭიაბერაშვილი, პოლიტიკოსი, ილიაუნის პროფესორი, 2004-2005 წლებში, იყო თბილისის მერი:
დღეს საერთოდ ვერ ვილაპარაკებდით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომ არა „ვარდების რევოლუცია“, რადგან ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა ჩვენ ამ გზაზე მყარად დავმდგარიყავით, განხორციელდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. სწორედ ეს არის “ვარდების რევოლუციის” პირველი მიღწევა.
მეორე, რასაც მე ვასახელებ „ვარდების რევოლუციის“ მიღწევად, არის ის, რომ ქვეყანა იყურებოდა არა უკან, არამედ წინ.
როდესაც 2003 წლის 23 ნოემბერს სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია გამოვიდნენ შევარდნაძის კაბინეტიდან და შევარდნაძემ განაცხადა გადადგომის შესახებ, მაშინ სააკაშვილმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული სიტყვები. მან თქვა ასეთი ფრაზა: “ახლა ჩვენი ღირსების საქმეა, პრეზიდენტი დარჩეს საქართველოში და იცხოვროს მშვიდად.”
არსებობდა თუ არა საფუძველი, რომ „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსულ მთავრობას შევარდნაძე გაესამართლებინა? რა თქმა უნდა, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ეს ქვეყანას გადააგდებდა პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ანგარიშსწორების ჭაობში, რაშიც დღეს გადაგვაგდო “ქართულმა ოცნებამ”.
და მესამე მიღწევა „ვარდების რევოლუციის“ არის ის, რომ 2012 წელს ხელისუფლებამ ძალაუფლება დათმო არჩევნების გზით. იგივე ტრადიცია რომ გაეგრძელებინა „ქართულ ოცნებას“, ასევე დაეწყო ყურება უკან და არ დაეწყო პოლიტიკური დევნა, ჩვენ დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდით ყველანაირი მიმართულებით.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ რეალურად, 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა იყო კონტრრევოლუცია „ვარდების რევოლუციაზე“.
11 წელია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და დღემდე მათი დღის წესრიგი არის იმის საპირისპირო, რაც იყო „ვარდების რევოლუცია“. ქსენოფობიით, სიძულვილით, ანტიდასავლური პროპაგანდით, უმცირესობების დევნით, ეკონომიკური პოლიტიკით და საერთოდ ყველაფრით, ეს არის არა თავისთავადი ხელისუფლება, არამედ კონტრრევოლუცია „ვარდების რევოლუციაზე“.
არასოდეს ვამტკიცებ იმას, რომ „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლება ანგელოზები ვიყავით, მაგრამ ყოველთვის ვუყურებ, რა იყო სასტარტო პირობები მაშინ და რა სასტარტო პირობები ჰქონდათ იმათ, ვინც მოაწყვეს „ვარდების რევოლუციის“ კონტრრევოლუცია. ეს არის ჩემი შეფასების კრიტერიუმი.
ყველაზე კარგი ინდიკატორი არის შემდეგი – მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ ისეთივე უშუქობა რომ დახვედროდა, რაც დახვდა „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებას, ჩვენ ახლა შუქი გვექნებოდა? არ ვიცით და საინტერესო ტესტია.
ჩვენ არ გვინახავს, როგორ გადაჭრა „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ვერ გადაჭრა „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ. ასეთი რამ არ გვინახავს.
ყველა რეფორმისტულ მთავრობას უხდება გარკვეული კომპრომისები იმასთან, რაც ხვდება და ამ თვალსაზრისით, „ვარდების რევოლუციის“ მთავრობა, რომელსაც დახვდა უმძიმესი მდგომარეობა, არ იყო გამონაკლისი.
საერთო ჯამში „ვარდების რევოლუცია“ იყო უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ის, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ იყო ნაკლოვანი და არასრულფასოვანი დემოკრატია.”