აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ საქართველომ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის ცა გახსნა
Flightradar24-ის მონაცემებით, 10 და 11 ნოემბერს, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებმა გადაკვეთეს. ისინი სომხეთის მიმართულებით მიფრინავდნენ.
ამ თვითმფრინავებს ის ორი ათასი რუსი მშვიდობისმყოფელი გადაჰყავთ, რომლებიც მთიან ყარაბაღში უნდა განლაგდნენ. რუსი მშვიდობისმყოფელების კონფლიქტის ზონაში განთავსებას აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც მოაწერა ხელი, შესაბამისად, ამ გადაზიდვებში არაფერია უკანონო.
სიახლე მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე 12 წლის განმავლობაში იყო დახურული რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის.
ინფორმაცია თავდაპირველად ფეისბუკზე გავრცელდა, მას მერე, რაც მომხმარებლებმა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მოძრაობა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების მონიტორინგის აპლიკაციაში, Flightradar24-ში შენიშნეს.
სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც დაადასტურა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო გადაადგილების ფაქტი.
საჰაერო სივრცის გახსნას თბილისი განიხილავს როგორც სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას.
როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რუსული თვითმფრინავებისთვის ცა მხოლოდ “გამონაკლისის სახით” გაიხსნა სწორედ დაპირისპირებული მეზიბლების – აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნით.
მისი თქმით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მშვიდობისმყოფელებს რაც შეიძლება მოკლე დროში მიეღწიათ დანიშნულების ადგილამდე, რაც მნიშვნელოვანია მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარებისთვის:
“მოცემულ ეტაპზე, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარებისთვის, შეზღუდული დროის გათვალისწინებით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე, სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის ნაწილი, წინასწარშთანხმებული და განსაზღვრული პერიოდით, გადაყვანილ იქნება დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები”, – განაცხადა აბაშიძემ.
___________________________________________________________________
10 ნოემბრის ღამით, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, აზერბაიჯანისთვის მოსაზღვრე რაიონების დაბრუნებისა და ყარაბაღში აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, კონფლიქტის მხარეებმა ვალდებულება აიღეს, რომ მოსკოვის დროით 2020 წლის 10 ნოემბრის 00:00 საათიდან, ყველა საბრძოლო მოქმედებას შეაჩერებდნენ.
მთიან ყარაბაღში შეხების ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული ავტომობილისა და სპეციალური ტექნიკის შემადგენლობით.