EUAA: საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა
საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა და საქართველო იმ ქვეყნების ათეულში შედის, საიდანაც ევროკავშირს თავშესაფრის თხოვნით ყველაზე ხშირად მიმართავენ. ეს ქვეყნებია: სირია, ავღანეთი, თურქეთი, ვენესუელა, კოლუმბია, პაკისტანი, ბანგლადეში, საქართველო, უკრაინა, ერაყი.
2008 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტი განაცხადი შეიტანეს.
2022 წელს საქართველოდან მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში, ვიდრე ომში მყოფი უკრაინიდან (28 318 განაცხადი). თუმცა ეს სტატისტიკა იმით აიხსნება, რომ უკრაინიდან გამოქცეული ადამიანების დიდი ნაწილი დროებითი დაცვისა და თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე დარეგისტრირდა.
● მექსიკის გავლით ამერიკაში – სად და რატომ გარბიან ქართველები
● სასაზღვრო პოლიცია გადაწყვეტს, ვინ წავა ევროკავშირში და ვინ – არა
● კობახიძე: რომ არა EU-სთან უვიზო მიმოსვლა, მიგრაცია ნაკლები იქნებოდა. ექსპერტის პასუხი
სტატისტიკა წლებისა და გაკეთებული განაცხადების მიხედვით ასე გამოიყურება:
2016 წელი – 8,775 განაცხადი;
2017 წელი – 12,060 განაცხადი;
2018 წელი – 20,950 განაცხადი;
2019 წელი – 22,765 განაცხადი;
2020 წელი – 8,095 განაცხადი;
2021 წელი – 14,970 განაცხადი;
2022 (იანვ.-ივნ.) წელი – 11,580 განაცხადი.
2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საზღვრის დაცვის პოლიცია გადაწყვეტს, საქართველოდან შენგენის ზონაში (ევროკავშირის ქვეყნებში) გაუშვას თუ არა საქართველოს მოქალაქე.
2021 წლის პირველი იანვრიდან პოლიცია ევროკავშირში წასვლის მსურველი ადამიანის საბუთებს რამდენიმე კრიტერიუმით ამოწმებს და თუ რომელიმე მათგანი დაირღვევა, მოქალაქე საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთს.
ეს კრიტერიუმებია:
● თუ ადამიანს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს საზღვრის კონტროლისთვის.
● ბიომეტრიული პასპორტის ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები დრო.
● არ აქვს საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, ბილეთის ჯავშანი, შენგენის ზონის ქვეყანაში საცხოვრებელში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასპინძლის თანხმობა.
● არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა.
● არ დაადასტურებს, რომ აქვს მოგზაურობისთვის საჭირო თანხა.
• საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ევროპაში უვიზოდ საქართველოს 170 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა.
• ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას.
• ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად ქვეყნიდან წასვლის მოტივად საქართველოში არსებულ უმუშევრობას ასახელებენ. ასევე ევროპაში საქართველოს ბევრი მოქალაქე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდის, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
• მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ევროპაში ქართული კრიმინალი – როგორც ორგანიზებული, ისე წვრილმანი ქურდობები. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით ხშირად მიუთითებს გერმანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები გასულ წელს თბილისშიც კი იყვნენ და საქართველოს შს მინისტრს ქმედითი ზომების გატარება მოსთხოვეს.