საქართველო: ტურიზმი გადაიდო - საერთაშორისო ფრენები აგვისტომდე არ აღდგება
რეგულარული საერთაშორისო ფრენები საქართველოში ივლისის ბოლომდე აღარ აღდგება.
მთავრობა საერთაშორისო ფრენების აღდგენას და უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ელი ივლისიდან გეგმავდა.
თუმცა, ტურისტები საქართველოში 1-ელი ივლისიდან არ ჩამოვლენ.
საქართველოში ვერ ჩამოვლენ და გაურკვეველ ვიოთარებაში აღმოჩნდნენ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის სტუდენტებიც.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 1-ელი ივლისიდან საზღვრების გახსნა გამოაცხადა, ბევრმა მათგანმა საქართველოს მიმართულებით ივლისის ბილეთები შეიძინა, თუმცა მათი ბილეთები გაუქმდა.
გაურკვევლობაში არიან ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებიც – ისინი 1-ელ ივლისს სტუმრების მისაღებად ემზადებოდნენ და ამ მიმართულებით გარკვეული ხარჯიც გასწიეს, თუმცა ახლა ირკვევა, რომ მათ სტუმრები მინიმუმ აგვისტომდე არ ეყოლებათ.
როდის აღდგება ავიამიმოსვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან და როდის გაიხსნება საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის, ჯერჯერობით, ისევ უცნობია.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სახელმწიფო ტურიზმის მიმართულებით შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად ევროკავშირის პოზიციას ელოდება.
“დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე. ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ამ პრაქტიკას განვაგრძობთ ჯანდაცვისა და და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით. რაც შეეხება ტურიზმს, ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რომელიც ძალიან ცვალებადია”, – ამბობს თურნავა.
თურნავას განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა, რის გამოც ის “ტურისტების საკითხს ფრთხილად მოეკიდება”:
“იქნება რამდენიმე მიმართულება. ბიზნესმიმართულებისთვის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და იქნება მალე საჯარო. იქნება, მართალია, ძალიან დაცული რეგულაციები, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე ველით ამ დღეებში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ თავის წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი მიმოსვლისთვის და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით”, – განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- ვირუსის აფეთქება სომხეთში – მიზეზები და დასკვნები საქართველოსთვის
საერთაშორისო ფრენების აღდგენის გადავადების გადაწყვეტილებამ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებში, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება უნდათ, უკმაყოფილება გამოიწვია:
“ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკაა, ვერაფერს იტყვი! 5 ივლისისთვის მქონდა ნაყიდი ბილეთი.”
“ვიყიდე ბილეთი და დავაბრუნე, ვიყიდე ბილეთი და დავაბრუნე… მერამდენედ? ივლისში მინდოდა მშობლებთან ჩამოსვლა. შვებულება ავიღე. ახლა უნდა გავაუქმო. ორი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და წელსაც ვეღარ ჩამოვალ.”
“როგორ შეიძლება ასეთ გაურკვევლობაში ვიყოთ? ახლობელს უნდა ჩამოსვლა ავსტრიიდან. ერთი თვეა ვადგენ, ჩამოსვლის შემთხვევაში მოუწევს თუ არა კარანტინში ყოფნა და რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო. ყოველდღე ვრეკავ 144-ზე და ვერაფერი გავიგე. ახლა ფრენების აღდგენის ვადაც გაუკვეველი ვადით გადაწიეს” – წერენ ფეისბუკზე.