საქართველო აზერბაიჯანზე და სომხეთზე ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს
გაზიარება
გაზიარება
აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები რაოდენობის ბოსტნეული საქართველოში მოჰყავთ:
2019 წლის მონაცემებით, საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს.
კონკრეტულად კი, 2019 წელს საქართველოში -161.1 ათასი ტონა ბოსტნეული მოიყვანეს, სომხეთში – 547.1 ტონა, ხოლო აზერბაიჯანში – 1716.2 ათასი.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიზნესპრესნიუსი“ ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია FAO-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
___________________________
2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” სოფლის მეურნეობა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დასკვნით, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში 2012-2019 წლებში არსებული ძირითადი ტენდენციები შეისწავლა, 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა.
თუმცა, ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო, რაც ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია.
ამავე დროს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 39 პროცენტია. ამ სექტორში 659 ათასი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესი ნაწილი თვითდასაქმებულად ითვლება – საკუთარ მეურნეობაში (მცირე მიწაზე) მუშაობს.
ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ჯერჯერობით ვერ გახდა უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველი. ინვესტიციების შემოსვლას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაც უშლის ხელს.