რუსეთის მინიმუმ 21 რეგიონში 9 მაისისთვის ინტერნეტს გათიშავენ
გაზიარება
გაზიარება
ინტერნეტის გათიშვები რუსეთში
9 მაისის აღლუმებისა და მსვლელობების წინ რუსეთში მინიმუმ 21 რეგიონში მობილური ინტერნეტის მასშტაბური შეზღუდვები იგეგმება. ამის შესახებ წერს „ნოვაია გაზეტა ევროპა“, რომელმაც მობილური ოპერატორების, საბანკო სერვისებისა და რეგიონული მედიების გაფრთხილებები გააანალიზა.
გამოცემის ცნობით, ოპერატორებმა და სერვისებმა მომხმარებლებს უკვე გაუგზავნეს შეტყობინებები ინტერნეტის შესაძლო შეფერხებების შესახებ იმ რეგიონებში, სადაც 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები, აღლუმები და „უკვდავი პოლკის“ მსვლელობები უნდა გაიმართოს. შეტყობინებებში ყველაზე ხშირად წერია, რომ შეზღუდვები შესაძლოა 5-დან 9 მაისის ჩათვლით მოქმედებდეს.
ინტერნეტის შესაძლო გათიშვის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებენ MTS, Yota, „მეგაფონი“, T2 და „ბილაინი“. მსგავსი შეტყობინებები გამოჩნდა „სბერისა“ და „იანდექს გოუს“ სერვისებშიც.
მანამდე BBC-ის რუსული სამსახური წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ წელს მოსკოვში მობილურ კავშირზე „უფრო ძლიერი“ შეზღუდვებია მოსალოდნელი. ამ ცნობებით, 5, 7 და 9 მაისს დედაქალაქში შესაძლოა შეიზღუდოს არა მხოლოდ მობილური ინტერნეტი, არამედ მობილური კავშირი, SMS-ების გაგზავნა და ე.წ. „თეთრი სიების“ მუშაობაც.
4 მაისის საღამოს შესაძლო შეზღუდვების შესახებ ცნობილი გახდა ასევე სანქტ-პეტერბურგში, ყაზანსა და მოსკოვის ოლქში. ამის შემდეგ რეგიონულმა მედიებმა მასობრივად დაიწყეს წერა სხვა ქალაქებში მოსალოდნელი გათიშვების შესახებ.
„ნოვაია გაზეტა ევროპამ“ მსგავსი ცნობები აღმოაჩინა ასტრახანში, ვოლგოგრადში, ვორონეჟში, ეკატერინბურგში, კალინინგრადში, კრასნოდარში, ნიჟნი ნოვგოროდში, ომსკში, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკში, სამარაში, სარატოვში, ტულაში, უფაში, ჩელიაბინსკსა და იუჟნო-სახალინსკში.
მსგავსი ცნობები გამოჩნდა ასევე კრასნოიარსკისა და სმოლენსკის რეგიონულ მედიებში, თუმცა იქ ადგილობრივი ხელისუფლება ინტერნეტის გათიშვის გეგმებს უარყოფს.
მონიტორინგის პროექტების მონაცემებით, შეზღუდვები უკვე დაფიქსირდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. 5 მაისს, მოსკოვის დროით დაახლოებით 12:30 საათზე, რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვში მობილური ინტერნეტის ბლოკირება დასრულდა. თუმცა, როგორც პროექტი Amnezia Pulse იუწყება, 15 წუთის შემდეგ მობილურ კავშირზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა.
მობილური ინტერნეტის შეფერხებების შესახებ ასევე იუწყებოდნენ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და მოსკოვის ოლქების, ასევე პერმის მხარის მცხოვრებლები.
ამ შეზღუდვების კონტექსტი 9 მაისის, გამარჯვების დღის აღნიშვნის გარშემო მიღებული უსაფრთხოების ზომებია. გასულ წელს, გამარჯვების 80 წლისთავის წინ, რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში პირველად გამოსცადა ინტერნეტის მასობრივი გათიშვა. მაშინ, 7 მაისის დილიდან, მოსკოველები მობილური კავშირისა და ინტერნეტის შეფერხებების შესახებ წერდნენ.