"თქვენს ხელშია საქართველოს მომავალი, არჩევნებზე უნდა წახვიდეთ" - საქართველოს პრეზიდენტმა ემიგრანტებს მიმართა
სალომე ზურაბიშვილმა ემიგრანტებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემიგრანტებს მიმართა და მათ არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის თქმით, ეს არჩევნები არის გადამწყვეტი.
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა
“მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო.
მე მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი – თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში.
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთის გავლენის ქვეშ, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ არც ჩამოხვალთ, არც დაბრუნდებით და არც გექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდეთ.
ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე ვიცი, თუ რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, უბნები სამწუხაროდ, არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვიცი, რომ მზად ხართ, ძალიან აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა.
როგორც გამოხვედით და გულშემატკივრები იყავით ჩვენი ფეხბურთელების, გადალახეთ საზღვრები და ჩახვედით იმისთვის, რომ გამოგეჩინათ ქართული დროშა, ასევე ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოთ, შორსაც რომ იყოს, ერთმანეთის მიმართ გამოიჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი.”
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს გამოეხმაურა, რომლებზეც დაბომბილი უკრაინაა ასახული და ფაქტს “სამარცხვინო” უწოდა.
“ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!” – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.