"ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს" - პრეზიდენტი ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება, რომელზეც დაბომბილი უკრაინაა გამოსახული
პრეზიდენტი ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება, რომლებზეც დაბომბილი უკრაინაა ასახული და ფაქტს “სამარცხვინოს” უწოდებს.
ახალ პროპაგანდისტულ ბანერებზე “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა.
ბანერებზე ჩანს დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი – წარწერით “არა ომს”, შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით – “აირჩია მშვიდობა”.
ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.ოცნების ახალ პროპაგანდას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და ფაქტს “სამარცხვინო” უწოდა.
“ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
“ქართულმა ოცნებამ” ასევე დაამზადა წინასაარჩევნო კლიპი, სადაც განადგურებული უკრაინული ქალაქები ჩანს.