მაიკ მაკფოლი: ქართველებო, თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ მომდევნო ბელარუსი გახდეთ?
მაიკ მაკფოლის მიმართვა
თქვენს პრორუს ლიდერებს ქვეყანა ცუდი მიმართულებით მიჰყავთ, ასე მიმართავს ქართველ ხალხს რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი.
მაკფოლი ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, გაიწვიოს ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონი, რომელიც “ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს”.
“მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ.” – წერს ის.
საქართველოს პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი 17 სექტემბერს მიიღო. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აღნიშნული კანონპროექტით “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ეს კანონი ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს.
ამავე ჰომოფობიური და პროპაგანდისტული ინიციატივის ფარგლებში “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც გეგმავს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ აქვთ. პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ ეტაპზე კანონის მიღება, რისთვის საკმარისი უმრავლესობა აქვთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებს, მას არჩევნების შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პარლამენტის მიერ პროპაგანდისტული, ჰომოფობიური კანონის დამტკიცებას X-ზე განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს ოცნებას, გაიწვიოს კანონი, რომელიც “ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს”.
“საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, რომელიც ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს”, – წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.