სახელმწიფო დეპარტამენტი: ქართველებს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდათ, ვიდრე მათი თვითმფრინავების შემოსვლა
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლას ეხება და აღნიშნავს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, “სავარაუდოდ ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან, რუსეთის ჯარი გაიყვანოს”.
“ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის. მისივე განმარტებით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, მათ შეაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება.
“ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის.” – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
● “განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება” – საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
● კახა კალაძე მიესალმება რუსეთთან ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოვლას
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.