სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში
“იმის ნახვა, რომ ისინი კვლავ ბოიკოტს აცხადებენ, იგივე ფილმის ყურებას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ შევიდნენ პარლამენტში” – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მაიკ პომპეოს ვიზიტის შესაჯამებლად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სახდეპმა საქართველოს არჩევნების შემდგომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ისწავლონ ერთად მუშაობა.
“იმის ნახვა, რომ ისინი კვლავ ბოიკოტს აცხადებენ, იგივე ფილმის ყურებას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი და არც ისინი, არც ჩვენ აღარ ვნახავთ განმეორებით, იგივე ტიპის დარღვევებს. ეს არის ის, რასაც ამერიკელი და ევროკავშირის ელჩები უჭერენ მხარს: მივიყვანოთ ისინი მაგიდასთან, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიპოვოთ გამოსავალი, არამედ მათ იპოვონ ეს გამოსავალი, იმუშაონ ერთად და ისწავლონ ერთად მუშაობა, რადგან მათ პარლამენტში ერთად ყოფნა მოუწევთ — შეიქმნას საკანონმდებლო დღის წესრიგი, რაც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებს, მნიშვნელოვან რეფორმას ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში. შემდეგ კი თუ ასე იქნება, ახალი არჩევნების შემთხვევაში, გექნებათ უფრო სანდო შედეგები, რომელსაც ყველა ენდობა და მსგავსი კითხვები აღარ წამოიჭრება”, — განაცხადეს პრესკონფერენციაზე.
- მაიკ პომპეოს ვიზიტი დასრულდა. მთავარი, რაც გავიგეთ
- მიტინგი პარლამენტთან და აქციის დაშლა ცესკოსთან. ვიდეოისტორია
- რას ურჩევენ ოპოზიციას ექსპერტები და პოლიტიკოსები
- რა გეგმა აქვს ქართულ ოპოზიციას, რომელიც არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს
გარდა ამისა, მათ ისაუბრეს არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე, რაც საქართველოსთვის ისეთივე პრობლემა იყო, რაც ბოლო დეკადების განმავლობაში.
“90-იანი წლები ნამდვილად იყო უკანონობის დაკარგული ათწლეული, ამიტომ ისინი 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ თავიანთ დემოკრატიაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა მათ, მაგრამ ისინი კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით ვნახეთ. მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში საკმაოდ ხარვეზებიანი არჩევნები ჰქონდათ და ამ არჩევნებშიც მსგავსი ტიპის დარღვევები ვნახეთ: ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება სახელმწიფო მოხელეებისთვის ხმის მიცემის მიზნით”, — წერია განცხადებაში.
31 ოქტომბრის არჩევნებს ოპოზიცია არ ცნობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, არ ცნობს შედეგებს და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.ხელისუფლება არ აპირებს დათმობაზე წასვლას. პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, დაძაბულობა მატულობს.
ოპოზიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს:
1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
2.გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია და საარჩევნო კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს;
3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.