სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში კომპანიები დასანქცირდებიან
სახელმწიფო დეპარტამენტი ფრენებზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ “ამერიკის ხმაზე” ვკითხულობთ.
“ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“. – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამერიკის დიპლომატიური უწყების თქმით, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.
● მოსაზრება: რა იმალება მოსკოვის კომპლიმენტების უკან
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება 2 თებერვალს კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ნაციონალური ინტერესებით პასუხობს”. მისივე თქმით, დასავლეთს სურს, “საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს”.
მოსკოვში სულ უფრო აქტიურად განიხილავენ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლებლობას და ამაზე არაერთი განცხადება მიუთითებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვს მზადყოფნა აქვს თუმცა თბილისი ჯერჯერობით ორჭოფობს.
მანამდე, 18 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული დიპლომატიური სამსახურის 2022 წლის მუშაობის შეჯამა და ყველაფერთან ერთად, საქართველოზეც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.
საქართველოს საგარეო-პოლიტიკით აღტაცება ვერ დამალა ვერც სერგეი გავრილოვმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, რომლის გამოც 2019 წლის 8 ივლისს რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები საქართველოში. „უკრაინის თემაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ომთან მიმართებით საქართველოს პოზიციის გათვალისწინებით, აუცილებელია არა მხოლოდ ავიამიმოსვლის, არამედ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჩვენს ქვეყნებს შორის“ – ამბობს გავრილოვი.
მაგალითად, ლავროვის კომენტარის საპასუხოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრენების შესაძლო აღდგენას მიესალმა. და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, პირიქით, დაუკეტეს ცა რუსულ თვითმფრინავებს.
ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებების მიუხედავად, პრემიერი ღარიბაშვილი არც ერთხელ არ ჩასულ კიევში სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, რადგან მისი თქმით, კიევში მხარდამჭერი ვიზიტით ჩასვლა „არაფრის მომცემია“.