"ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო" - კარასინი თბილისთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს
კარასინი თბილისთან ფრენების აღდგენაზე
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა თბილისთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი განიხილავენ ფრენების აღდგენას.
“რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ამას (ფრენების განახლებას), ერთმანეთს ვუცვლით აზრებს. მაგრამ ასეთი გამონათქვამია, რომ ტანგოსთვის საჭიროა ორი. თუ დუეტის ერთ მონაწილე ორჭოფობს, მაშინ ძალით ზეწოლა არაა საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს, გადაწყვეტილება როგორი იქნება, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული”. – თქვა კარასინმა.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მალე აღდგენის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის 10 პროცენტით ზრდა დიდწილად რუსეთთან კავშირის დამსახურებაა.
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დიალოგისთვის საჭირო მექანიზმები არსებობს, რომელშიც “რუსეთიც მონაწილეობს”. მისივე განმარტებით, მოსკოვი საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ურთიერთობების აშენების მომხრეა. ამის შესახებ ლავროვმა 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ლავროვი ასევე აღნიშნავს, რომ დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები ჟენევის ფორმატის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების “მძევლად ქცევას” ცდილობენ, რაც მისი აზრით, “პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული”.
2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავორვმა შეაქო საქართველოს მთავრობა და თქვა, რომ ქვეყანა “დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს.”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიესალმება რუსეთთან ფრენების აღდგენას. ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.
“იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.” – წერს ზურაბიშვილი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკები საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან და დასავლეთთან მიმართებაში აქებენ.
გასული წლის 25 მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა ასევე შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო. საქართველოს რეაქციას დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში „ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.
კარასინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია გააანალიზა. მან თქვა, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამოქმედდა, რუსეთი საქართველოს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა. მისი თქმით, მოიხსნა ქართულ საქონელზე დაწესებული ყველა შეზღუდვა და რუსეთში ქართული ექსპორტი 14-ჯერ გაიზარდა.