სახალხო დამცველი: ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
“ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს” – ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებაზე საუბრისას თქვა, რომ აჟიტირებული მტრები პროცესს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სტატუსის არმინიჭებით “სასწაულს კარგავს ქვეყანა.”

ომბუდსმენის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად:
“ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით.”
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაგრამ, იქვე, ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის.
“ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”, “ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა”, “ევროპარლამენტარებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ” – ამ და მსგავსი განცხადებებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.
ახლა საქართველო ელოდება ევროკომისიის მოსაზრებას (ე.წ. Opinion), რომელიც, JAMnews-ის წყაროს ინფორმაციით, 17 ივნისს უნდა გასაჯაროვდეს.