სახალხო დამცველი: ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა
სახალხო დამცველი 20 ივნისის აქციაზე
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20 ივნისის აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა.
ომბუდსმენის თქმით, კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა; ასევე, აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია.
“ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს”, – ამბობს ლომჯარია.
სახალხო დამცველის განმარტებით, მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს:
“ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად.”
20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა.
აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანის მიზანი იყო ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება.
ეს აქცია რამდენიმე დღით წინ უსწრებდა საქართველოსათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირმა 24 ივნისს უნდა მიიღოს. სწორედ ამ დღეს გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ჟურნალისტები და მოქალაქეები, რომლებიც წლებია ესწრებიან და აშუქებენ თბილისში გამართულ აქციებს, აღნიშნავდნენ, რომ ამდენი ხალხი რუსთაველზე აქამდე არასოდეს უნახავთ. დამოუკიდებელი ვებ-გვერდის, “ნეტგაზეთის” გამოთვლით, აქციას მინიმუმ 120 ათასი ადამიანი ესწრებოდა, მაქსიმუმ – 160 ათასი.