ბავშვების სავარძლები, უკანა სავარძლის ღვედები და "ალკოჰოლური ბლოკირება“: რა იცვლება საგზაო მოძრაობის წესებში
საგზაო მოძრაობის წესები
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძელი (ე.წ. ქარსითი), ნასვამი მძღოლებისთვის ავტომობილის დაქოქვის შეზღუდვა, უკანა ღვედების სავალდებულო გამოყენება: საქართველოს მთავრობა საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებას გეგმავს. 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მთავრობამ 5 აგვისტოს დაამტკიცა, რამდენიმე მიმართულებით საკანონმდებლო და პრაქტიკულ ცვლილებას ითვალისწინებს.
ცვლილებები შეეხება როგორც ავტომობილებში მგზავრების, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოებას, ასევე ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციას. ამ ეტაპზე საუბარია დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა ნაწილი დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს.
კონკრეტულად რა შეიძლება შეიცვალოს:
- სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძელი სავალდებულო გახდება.
სტრატეგიის მიხედვით, ცვლილება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს და საწყის ეტაპზე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი ასაკის ბავშვის ავტომობილით გადაყვანისას მისი ჩვეულებრივ სავარძელზე ან მხოლოდ ავტომობილის ღვედით მოთავსება საკმარისი აღარ იქნება.
- უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის გამოყენება შეიძლება სავალდებულო გახდეს. მთავრობის სტრატეგია ითვალისწინებს უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრებისთვის უსაფრთხოების ღვედის სავალდებულო გამოყენების წესის შემოღებას. ამისთვის უნდა შეიქმნას შესაბამისი ნორმატიული ბაზა და აღსრულების მექანიზმი. შესაბამისად, ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომ მგზავრებსაც შესაძლოა დაეკისროთ ღვედის აუცილებლად გამოყენების ვალდებულება.
- ნასვამ მძღოლებს შესაძლოა ავტომობილის დაქოქვა შეეზღუდოთ.
სტრატეგიაში საუბარია ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვაზე. ასეთი მოწყობილობა ამოწმებს მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობას და, თუ ის კანონით დასაშვებ ზღვარს აღემატება, ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ იძლევა.
- იგეგმება ალკოჰოლური ბლოკირების სისტემისთვის შესაბამისი სტანდარტის განსაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ავტომობილის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის შესაბამისი სტანდარტის დადგენისას ამ ტექნოლოგიის გათვალისწინება. თუმცა სტრატეგია თავად არ ადგენს, რომ ასეთი მოწყობილობა დაუყოვნებლივ ყველა ავტომობილზე უნდა დამონტაჟდეს.
- ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მძღოლების გამოვლენა უნდა გაძლიერდეს.
სახელმწიფო გეგმავს სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივ დანერგვას, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამოვლენას დაეხმარება. ამასთან, გადამზადდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რათა ასეთ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების იდენტიფიცირება გაუმჯობესდეს.
- ელექტროსკუტერების რეგულაციები შესაძლოა გადაიხედოს.
სტრატეგია ითვალისწინებს ელექტროსკუტერების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის სიღრმისეულ ანალიზს. ამის შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციები უნდა მომზადდეს. ამ ეტაპზე კონკრეტული ახალი წესი არ არის გამოცხადებული, თუმცა სფეროს დამატებითი რეგულირების შესაძლებლობა განიხილება.
- მეტი ყურადღება დაეთმობა ქვეითებისა და ბავშვების უსაფრთხოებას.
სტრატეგია ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების საკითხების ინტეგრირებას სკოლამდელი განათლების პროგრამებში და მშობლებისა და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნას. ასევე დაგეგმილია ქვეითებისთვის სოციალური კამპანიები საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მნიშვნელობაზე.
- იგეგმება ინფრასტრუქტურის მოწყვლად ჯგუფებზე მორგება.
სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეითების, ბავშვების, ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების მომხმარებლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უსაფრთხოებას.
მთავრობის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების ღვედების გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობისა და მძიმე დაზიანებების შემცირების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. დოკუმენტი განსაკუთრებით უსვამს ხაზს უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენებას, რადგან უკანა მგზავრის ღვედის გარეშე გადაადგილება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად მგზავრს, არამედ ავტომობილის წინა სავარძლებზე მყოფ ადამიანებსაც.
სტრატეგიის მიხედვით, ცვლილებების მიზანი მხოლოდ ახალი ვალდებულებების დაწესება არ არის. მთავრობა პარალელურად გეგმავს საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და სამართალდარღვევების გამოვლენის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების ნაწილი ჯერ მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაშია გაწერილი. კონკრეტული ვალდებულებების ამოქმედებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საკანონმდებლო და ნორმატიული ცვლილებები უნდა დამტკიცდეს.