როგორც “კავკაზსკი უზელი” იტყობინება, 10 წლის მარიამ მამადაშვილმა კომპოზიციით Mzeo (“მზეო”) გაიმარჯვა საბავშვო სასიმღერო კონკურს “ევროვიზია 2016”-ზე, რომელიც მალტაზე ტარდებოდა. მეორე ადგილი დაიკავა დუეტმა სომხეთიდან.
საქართველოს წარმომადგენელმა 239 ქულა დააგროვა.
სომხური დუეტი – მერი ვარდანიანი და ანაიტ ადამიანი, რომლებიც მღეროდნენ სიმღერას Tarber (“განსხვავებულები”), მეორე ადგილზეა 232 ქულით.
მესამე ადგილზე, 209 ქულით, გავიდა იტალიელი მომღერალი ფიამა ბოჩა. რუსეთს სასიმღერო კონკურსის ფინალში წარადგენდა პროექტი “ცოცხალი წყალი”, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა.
თავისი საკონკურსო სიმღერა “ევროვიზია-2016”-ის გამარჯვებულმა ცნობილ ქართველ კომპოზიტორ გიორგი კუხიანიძესთან ერთად დაწერა. ოქტომბრის დასაწყისში მან საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის კონკურსში გაიმარჯვა, სადაც საბავშვო “ევროვიზიისთვის” წარმომადენელი უნდა შერჩეულიყო.
მარიამ მამადაშვილი თბილისის მუსიკალური სტუდია “ბზიკებისტუდიოს” და ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლის, ფორტეპიანოს კლასის აღსაზრდელია. 2015 წლიდან გოგონა ვოკალს, ცეკვასა და სამსახიობო ხელოვნებას აშშ-ს BroadwayMethodAcademy-ს მუსიკალურ სასწავლებელში ეუფლება.
კონკურსის ვებ-გვერდის ცნობით, მე-14 საბავშვო სასიმღერო კონკურსზე 9-დან 14 წლამდე ასაკის სულ 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საქართველო საბავშვო “ევროვიზიის” გამარჯვებული უკვე მესამედ ხდება. 2008 წელს, კვიპროსის საბავშვო სასიმღერო კონკურსზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა ჯგუფმა – “ბზიკები”; 2011 წელს კი მუსიკალურმა ჯგუფმა “კენდიმ”, სიმღერით “კენდმიუზიკ”, გაიმარჯვა სომხეთში გამართულ კონკურსზე. 2010 წლის გამარჯვებული გახდა ვლადიმირ არზრუმიანი სომხეთიდან, სიმღერით “დედა”.