სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციას ხელი მეუფეებმაც მოაწერეს
გაზიარება
გაზიარება
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილი პეტიცია, რომელსაც ხელი მეუფეებმაც მოაწერეს.
პირველი, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე იყო, ხოლო შემდეგ, პეტიციას ხელი მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმაც მოაწერა.
როგორც მელქისედეკი ტელეკომპანია “ფორმულასთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, “პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს”.
“ვადასტურებ, რომ ხელი მოვაწერე [პეტიციას]. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ინსტიტუტს. ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები”. – ამბობს სასულიერო პირი.
მეუფემ აღნიშნა ისიც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას 1 კვირის წინ მიმართა განცხადებით, მისცენ ექსპრეზიდენტის მონახულების უფლება, თუმცა ის ჯერაც ელოდება დასტურს.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით კი, მოქმედმა ხელისუფალმა არ უნდა დააკავოს წინა ხელისუფალი, რადგან ქვეყანა ასე უკეთესად განვითარდება.
ამ დროისთვის პეტიციაზე ხელი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
მიხეილ სააკაშვილი უკვე მეთერთმეტე დღეა შიმშილობს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს და ის ამჟამად მხოლოდ წყალს სვამს.
ექიმი ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, ტალასემია და ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი, რადგან ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს – უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთ საქმეზე იგი უკვე გასამართლებულია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის 1212 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.