სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის ვიცე-პრემიერი გახდეს
პარასკევს, უკრაინის პარლამენტში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხზე კენჭისყრა გაიმართოს.
ინიციატივა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიდან მოდის. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სწორედ მის პარტიას, „ხალხის მსახურს“ ეკუთვნის.
თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ „დიდი პატივია პრეზიდენტისგან წინადადების მიღება“. მან დასძინა, რომ „ძალიან ინფორმაციული და სასარგებლო საუბარი ჰქონდა“ პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალთან, სადაც „განიხილეს მთავრობაში შესაძლო მუშაობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი“.
- მოსაზრება: სააკაშვილის „მესამედ მოსვლა“ უკრაინაში
- ოთხი განსხვავება „ქართულ“ სააკაშვილსა და „უკრაინულს“ შორის
- სააკაშვილი უკრაინაში – დასაწყისი და დასასრული
ის აპირებს პარასკევს უკრაინის რადას წარუდგინოს
აუცილებელი ცვლილებების საკუთარი პროგრამა და თავისი მონაწილეობით მთავრობის
მუშაობაში „კონკრეტული საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ჩამომიყალიბდა, როგორც
უკრაინის ფარგლებს გარეთ, ისე უკრაინაში მუშაობის პერიოდში“.
Facebook-ის საკუთარ გვერდზე, მიხეილ
სააკაშვილმა დაწერა:
„უმაღლეს რადას წარვუდგენ საკუთარ წინადადებას აუცილებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც შმიგალის სამთავრობო პროგრამის ნაწილს, კონკრეტულ საუკეთესო პრაქტიკას, რომლებიც ჩამომიყალიბდა როგორც უკრაინის ფარგლებს გარეთ, ისე უკრაინაში მუშაობის პერიოდში, რომელიც დამყარებულია როგორც დადებით, ისე უარყოფით გამოცდილებაზე.
პრეზიდენტთან ერთად, მზად ვარ ვიმუშაო უკრაინის პარლამენტში ყველა პატრიოტულ ძალასა და სხვა პოლიტიკურ ძალებთან საზოგადოებაში, რათა უკრაინამ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადაიტანოს მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. იმედი მაქვს, რომ ვიქნები გუნდის საიმედო წევრი და გამოვადგები უკრაინას, გავაკეთებ რა სასარგებლო საქმეებს ადამიანებისთვის.
ასევე, იმედი მაქვს ჩემი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენების, რათა სამთავრობო გუნდის სასარგებლო წევრი ვიყო, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, გავაძლიერო უკრაინის პრესტიჟი და მისი ინტეგრაცია საერთაშორისო თანამეგობრობაში, რათა, პირველ რიგში, დავიცვა უკრაინელი ხალხის ინტერესი და დავეხმარო ქვეყანას პროგრესში“.
2018 წელს, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ის მას 2019 წელს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაუბრუნა.