რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ფოტო, ვიდეო
21 აპრილს, მთელი რუსეთის მასშტაბით, ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
ნავალნი ახლა ციხეშია, სადაც აუცილებელი სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადა. დამოუკიდებელი ექიმები, რომლებიც პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობას იცნობენ, ვითარებას კრიტიკულად აფასებენ.
გარდა ამისა, ნავალნის მხარდამჭერები აპროტესტებენ ხელისუფლების განზრახვასაც, ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი ფონდი, რომელიც რუსეთის მთავრობაში არსებული კორუფციის შესახებ აქვეყნებს მასალებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს. რუსეთის პროკურატურამ ასეთი მოთხოვნით უკვე მიმართა სასამართლოს. თუკი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მთელი ორგანიზაციის კანონგარეშედ გამოცხადებას ნიშნავს.
ნავალნის მხარდამჭერებმა რუსეთის ბევრ ქალაქში გამართეს აქცია. თავდაპირველად ოპოზიციონერებმა შეკრება ქვეყნის აღმოსავლეთით დაიწყეს – ვლადივოსტოკში, კრასნოიარსკსა და ეკატერინბურგში.
ზოგიერთ ქალაქში აქციები მშვიდობიანად წარიმართა, რამდენიმე ადგილას კი პროტესტის მონაწილეები დააკავეს.
სულ, მოსკოვის დროით 19:49 საათის მდგომარეობით, ორგანიზაცია „ОВД-инфо“-ს მონაცემებით, მთელი რუსეთის მასშტაბით, 413 ადამიანი დააკავეს.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მრავალათასიანი მარშები ჩატარდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოსკოვში, საპროტესტო აქციაში, დაახლოებით, 6 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, პეტერბურგში – დაახლოებით, 4.5 ათასი. თვითმხილველთა თქმით კი, მოსკოვში გამართულ აქციაში 30 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა.