პარტია "დროა" მოითხოვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საქართველომაც დააწესოს
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საქართველომაც უნდა დააწესოს
პარტია “დროა” მოითხოვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საქართველომაც დააწესოს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
ქუთელიას თქმით, სანქციები გამოხატავს ერთი მხრივ სოლიდარობას უკრაინისა და დემოკრატიული სამყაროს მიმართ, მეორე მხრივ კი, იქნება შესაძლებლობა საქართველოს საკითხები გახდეს იმ დღის წესრიგის ნაწილი, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით დგას.
“ვთვლით აუცილებლად, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს სანქციებს, სანქციების ყველა კომპონენტს – დაწყებული პიროვნული სანქციებით, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მათ აღიარებას, ასევე, ისინი ვინც სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტებით და სისტემურად არიან ჩართული რუსულ საგარეო და აგრესიულ სამხედრო პოლიტიკაში”, – აღნიშნა ქუთელიამ.
“დროას” ინიციატივას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, საქართველო ხელმძღვანელობს “ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით, ასევე უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით.”
“რაც შეეხება, რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რაც არის საპატივსაცემო, ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იქნას დაშვებული და ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს.” – თქვა შალვა პაპუაშვილმა
● მოსაზრება აფხაზეთიდან: რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება – რა იქნება შემდეგ?
● “საქართველო კატეგორიულად გმობს დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას” – თბილისის რეაქცია
● უკრაინა, აშშ, რუსეთი, ირანი, ტაივანი: მსოფლიო ჯერარნახული კრიზისის წინაშე?
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.
ამის პასუხად გერმანიამ და აშშ-მ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კი რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს: როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ბრიტანული სანქციები შეეხო ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს – გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.
სანქციები შეათანხმა ევროკავშირმაც, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატს შეეხება, სწორედ მათ, ვინ მიმართა ვლადიმირ პუტინს, რომ დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ასევე, აღიარების გამო სანქციები შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.
გუშინ რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტს – VEB და სამხედრო ბანკს. ასევე, სანქციები გატარდება რუსული ელიტისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში ჯარების დამატებით ნაწილებსაც გადაისვრის.