ჩეჩნეთში ექიმი, რომელმაც კადიროვის ახლობელი ვერ გადაარჩინა, ცემით მოკლეს
ჩეჩნეთში წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, რომელიც პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა, ქირურგი გაიტაცეს და ცემით მოკლეს. გარდაცვლილი პაციენტი ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ერთ-ერთი ახლობლის ოჯახის წევრი აღმოჩნდა.
ინფორმაცია ჩეჩნეთში 22 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ ანონიმურმა, თუმცა სანდო Telegram-არხმა 1adat- მა გაავრცელა. ოპერაციის დროს, რომელსაც რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ქირურგი სალაჰ დაგაევი ატარებდა, ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ერთ-ერთი უახლოესი პირის და იყო.
იმავე დღეს უცნობმა ნიღბიანმა პირებმა ქირურგი გაიტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
• ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ადამიანს კამერის წინ საკუთარი თავის წამება აიძულა
• “მიწა დააყარეთ, მოკვდეს”. კადიროვმა კარანტინის დამრღვევები ტერორისტებს გაუთანაბრა
• ცდა ბედის მონახევრეა – როგორ უტევენ ჩეჩნეთიდან დევნილები ბელარუსში პოლონეთის საზღვარს
Telegram არხის ავტორი იუწყება, რომ სალაჰ დაგაევი გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა გაიტაცეს და ცემით მოკლეს. 23 სექტემბერს ქირურგის ცხედარი მის ნათესავებს გადასცეს და სასჯელით დაემუქრნენ, თუ მომხდარს გაამხელდნენ. ახლობლებს აიძულეს ეთქვათ, რომ დაგაევი გულის შეტევით გარდაიცვალა.
სალახ დაგაევი 24 სექტემბერს სოფელ გოითიში დაკრძალეს. “კავკაზსკი უზელი” ამ სოფლის მკვიდრს, სახელად ზაურბეკს ესაუბრა.
”სალაჰი ოჯახთან ერთად გროზნოში ცხოვრობდა. აქ, გოითიში, მათი საგვარეულო სასაფლაოა. ცხედარი აქ ჩამოასვენეს, განბანეს, დასაფლავებისთვის მოამზადეს, ჩვენი ადათ–წესების მიხედვით. სოფლის მოსახლეობის თქმით, ამ ხალხისგან ცნობილი გახდა, რომ სალაჰის სხეულზე ცოცხალი ადგილი აღარ იყო დარჩენილი, მისი სახე დიდ შავ ლაქას ჰგავდა ”, – თქვა ზაურბეკმა.
მისივე თქმით, სამძიმარზე ხალხი სამი დღის განმავლობაში მოდიოდა:
„სამძიმრის დროს არავის უკითხავს გარდაცვალების მიზეზი. ჩვეულებრივ, ხალხი ყოველთვის კითხულობს მიზეზს: რამდენხანს იყო ავად, რა და როგორ. აქ კიდევ ყველამ იცოდა, რისგან გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზებში ეჭვი არავის ეპარებოდა”.
მალიკა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექთნად მუშაობს და სალაჰ დაგაევს კარგად იცნობდა.
მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ სალაჰი გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა. “ხალხი მისი სიკვდილის სხვა მიზეზებს ასახელებს “, – ამბობს იგი, თუმცა თავად ამ მიზეზის დასახელებისგან თავს იკავებს.
ერთ-ერთ რაიონულ საავადმყოფოს ქირურგი, ჰუსეინი ამბობს, რომ ახლა, თუ კლინიკაში მძიმე პაციენტს მოათავსებენ, ჯერ უნდა გაარკვიონ, ვისი ნათესავია, არიან თუ არა მის ნათესავებს შორის “VIP-პერსონები”, რათა იცოდნენ, “ოპერაციის არასასურველ შედეგს რა შეიძლება მოჰყვეს”.
”სალაჰ დაგაევი, ორმოცი წლის გამოცდილების მქონე ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი, კადიროვთან დაახლოებულმა პირებმა აწამეს და მოკლეს. ექიმის მთელი ბრალი იმაში მდგომრეობდა, რომ კადიროვის ერთ–ერთი უახლოესი პირის მძიმედ დაავადებული და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. თუ ვერ გადაარჩინე – მოკვდი”, – წერს Twitter- ის მომხმარებელი Djokhar Dudaev.