როგორი იყო “ბავშვთა სამყარო”
ეს ვიდეო ხანძრამდე რამდენიმე კვირით ადრეა გადაღებული. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, ის ატმოსფერო, რომელიც ამ შენობაში წლების განმავლობაში არ იცვლებოდა.
საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ინტერიერსა და აბრებთან ერთად, თქვენ კადრში ასეთ წარწერასაც ნახავთ – “სიგარეტის მოწევა შენობაში სასტიკად აკრძალულია!”
“ბავშვთა სამყაროს” შენობა საბჭოთა დროს აშენდა და თავდაპირველად მხოლოდ ბავშვებისთვის საჭირო ნივთები და სათამაშოები იყიდებოდა.
მოგვიანებით, 90-იან წლებში შენობა საერთო სავაჭრო ცენტრად გადაიქცა. საბავშვო საქონელთან ერთად, აქ ნოხების, ჭაღების, ჭურჭლის, ქსოვილების და სხვა მრავალი საყოფაცხოვრებო ნივთის ყიდვა შეიძლებოდა. დახლები ცალკეულ მოვაჭრეებზე ქირავდებოდა. შენობის ერთ ნაწილში ოქროს ბირჟა ფუნქციონირებდა. შენობა კომუნისტების დროიდან არ გარემონტებულა და აქ ყველგან რუსული წარწერები იყო შემორჩენილი.
ხანძარი “ბავშვთა სამყაროს” შენობას 30 იანვარს, დილის სამი საათისთვის გაუჩნდა. მეხანძრეები 8 საათის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს. მსხვერპლი არ არის, თუმცა 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართის შენობა სრულად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით მოვაჭრე, რომლებსაც “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე სავაჭრო სექციები ჰქონდათ. დაიწვა ასევე მიმდებარე საწყობებში შენახული საქონელიც. 2016 წლის ივლისის მონაცემებით შენობის საბალანსო ღირებულა შეფასებულია 6 344 779 ლარად.