"რასაც გედავებიან, სრული სიბნელე და სირცხვილია" - მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
“მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა”, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე რომან ხორავამ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებულ 3 პირს და ისინი პატიმრობაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ გუშინ, 8 ივლისს “რუსთავი 2-ის”, “მთავარი არხის”, “ნიუპოსტისა” და “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს – ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მათთვის გირაოს ითხოვდა.
“ღირსების მარშის” ჩატარების დღეს რუსთაველის გამზირზე, შსს-ს ინფორმაციით, ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მედიის წარმომადგენელი იყო.
___________________________________________________________
- ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
- ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
- პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
___________________________________________________________
ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორია.
5 ივლისს თბილისში “ღირსების მარშის” გამართვა იყო დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს თბილისის ცენტრში მსვლელობით უნდა ჩაევლოთ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ლგბტქ ადამიანებისთვის. თუმცა, პრაიდის საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს – თავს ესხმოდნენ სამოქალაქო აქტივისტების ოფისებს და მედიის წარმომადგენლებს.
სულ დაშავებულია 55 ადამიანი და აქედან 53 მედიის წარმომადგენელია.