ირანის ელჩი საქართველოში: ირანის მტრების მხარდაჭერა უპასუხოდ არ დარჩება
ირანის ელჩი საქართველოში
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ, ექვსთვიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ირანი აღარ დაუშვებს ქვეყნის სამეზობლო გარემოს გამოყენებას პლაცდარმად იმ სამხედრო ოპერაციებისთვის, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.
თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ელჩმა ირანისა და საქართველოს ისტორიულ კავშირებზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ირანის საგარეო პოლიტიკასა და ახლო წარსულში განვითარებულ სამხედრო მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ირანის ხელისუფლებამ დიპლომატიური არხებით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ სამხედრო მოქმედებების შესახებ, რომლებიც, მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ განახორციელეს.
მოჯანის განცხადებით, თეირანმა არაერთ სახელმწიფოს მკაფიოდ აცნობა, რომ “ირანის მტრების მხარდაჭერა და მათთვის მოქმედების შესაძლებლობების შექმნა უპასუხოდ არ დარჩება“.
მისივე თქმით, იმ ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზები, რომლებიც ირანის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში შესაძლოა სამიზნედ იქცეს.
ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ირანის საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში იყო როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ისე საზოგადოებასთან. მისი თქმით, საელჩოს მიზანი იყო თანამედროვე ირანის პოლიტიკის, ხედვებისა და პოზიციების უშუალოდ გაცნობა ქართველი საზოგადოებისთვის.
მოჯანიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საზოგადოებაში ირანის მიმართ სოლიდარობისა და თანაგრძნობის გამოხატვის მაგალითები დაინახა. მისი შეფასებით, როგორც პოლიტიკური წრეების, ისე საზოგადოების ნაწილის მხრიდან ღიად გამოითქმებოდა უკმაყოფილება იმ ქმედებების გამო, რომლებიც ირანის წინააღმდეგ განხორციელდა.
გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ირანულ-ქართულ ისტორიულ ურთიერთობებს. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ირანში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე, მათ როლზე ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებზე. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის ქართულ ენაში დღემდე ყველაზე მეტი სპარსული სიტყვა გამოიყენება.
რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ირანი საკუთარ ძალებზე დაყრდნობით მოქმედებს და მისი სამხედრო შესაძლებლობები ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ არის მიმართული. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ირანს “არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ“ და ქვეყანას “არც ჰქონია და არც აქვს იმპერიად ქცევის სურვილი“.
მოჯანის თქმით, დღევანდელი ირანი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესებისა და შიდა რესურსების საფუძველზე იღებს, ხოლო საგარეო პოლიტიკის მთავარ პრინციპად კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას ასახელებს.