FT: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პაკეტი საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც ეხება
გაზიარება
გაზიარება
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები
Financial Times-ის ცნობით,რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც ეხება. გამოცემის ინფორმაციით, სანქციები პირველად შეეხება რუსეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ კრიპტოკომპანიებსა და პლატფორმებს, რომლებსაც ბრიუსელი სანქცირებული სუბიექტების მომსახურებასა და შეზღუდვების გვერდის ავლაში დახმარებაში ადანაშაულებს.
ევროკავშირის მიერ მომზადებული პაკეტი ასევე ითვალისწინებს 31 რუსული ბანკისა და მესამე ქვეყნებში მოქმედი 20 ნავთობტრეიდერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რაც მოსკოვის ფინანსურ და ენერგეტიკულ ქსელებზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
Financial Times-ის ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდება 11 კრიპტოპლატფორმა, რომლებიც ბელარუსში, საქართველოში, ნიგერიაში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე არიან რეგისტრირებული. ამავე სიაში შედის ოთხი ბანკი ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან, ასევე ხუთი ნავთობტრეიდერი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
ახალი პაკეტი კიდევ ერთ მიმართულებასაც მოიცავს: ევროკავშირი გეგმავს სავიზო შეზღუდვების დაწესებას რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ.
ამასთან, ბრიუსელი განიხილავს რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის დაგეგმილი ზრდის იანვრამდე გადავადებას. ინიციატივის მიზანი, გამოცემის თანახმად, ირანთან ომის ფონზე ნავთობის ფასების ზრდის შედეგად რუსეთის შემოსავლების მატების შეზღუდვაა.
გადაწყვეტილების მისაღებად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო. შეთანხმება 15 ივლისამდე უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასის ზედა ზღვარი ავტომატურად გაიზრდება და ერთ ბარელზე არსებული 44.10 დოლარის ნიშნულს გადააჭარბებს.
სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სახეობის ლითონისა და საზღვაო პროდუქციის იმპორტის დამატებით შეზღუდვას, რაც ევროკავშირის მცდელობის ნაწილია, კიდევ უფრო შეამციროს რუსეთის ეკონომიკური შესაძლებლობები და საგარეო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლები.