მარია ზახაროვა: გაგებით ვეკიდებით თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან კარნახი
გაზიარება
გაზიარება
მარია ზახაროვას განცხადება
რუსეთი მზად არის გააღრმაოს საქართველოსთან ურთიერთობები და მიიჩნევს, რომ ორმხრივი კავშირები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი დადებითად აფასებს თბილისის მცდელობებს, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობები თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე ააგოს და თავი დააღწიოს გარე გავლენებს.
“გაგებით ვეკიდებით თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან კარნახი და უცხოელ პარტნიორებთან ითანამშრომლოს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. მზად ვართ გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამას სუფთა გულითა და ღია სულით ვაკეთებთ“, – განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი თბილისთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის ღიაა, თუ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის საფუძველზე განვითარდება.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მიმართულებით „მტკიცე და გააზრებული არჩევანი“ გააკეთა.
„თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვის სასარგებლოდ, და მე დავამატებდი – თავისი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდაც.“ – განაცხადა ზახაროვამ.