პრეზიდენტი: უკრაინელების დამსახურებაა, რომ საქართველომ EU-ს წევრობაზე განაცხადი რომ გააკეთა
უკრაინელების დამსახურებაა, რომ საქართველომ EU-ს წევრობაზე განაცხადი რომ გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი რომ გააკეთა, უკრაინელების დამსახურებაა.
“ევროინტეგრაციის გზა დღეს სულ სხვანაირად გვეჩვენება. ამ მომენტში ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე საქართველოს განაცხადი უკვე შეტანილი აქვს. ეს უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა, მათი ყოველდღიური ბრძოლის და ამისთვის ჩვენ მხოლოდ ერთი რამე შეგვიძლია, რომ მადლიერება გამოვთქვათ. იმიტომ, რომ უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ისეთი რაღაცა გავაკეთეთ, რომ უცებ ყველაფრის ღირსები გავხდით. ეს სწორედ მათი დამსახურებაა და ჩვენ ამას მივყვებით.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, “რა იქნება ევროკავშირის პასუხი, მე ვერ გეტყვით,” თუმცა ნაწილობრივ ესეც ჩვენზე არის დამოკიდებული:
“როგორ მოვიქცევით ამ პერიოდში და რამდენად მზად ვიქნებით, რომ ნამდვილი ვალდებულებები ავიღოთ იმის მიმართ, რაც ამ ქვეყანაში უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება და ა.შ.“
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდებიან. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამივე ქვეყანამ ერთდროულად შეიტანა. ეს პროცესი უკრაინის ომმა დააჩქარა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც და მათ ის უკვე შეავსეს კიდეც.
საქართველომ კითხვარი მეორე ნაწილი 9 მაისს დაასრულა და ევროკავშირს გაუგზავნა.