წინასაარჩევნო "სასიყვარულო" თამაშები
სომხეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ყველაზე მრავალრიცხოვანი სათვისტომოები (იეზიდები, რუსები, ასირიელები და ქურთები) უპირატესობას მმართველ რესპუბლიკურ პარტიას ანიჭებენ. საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2 აპრილს უნდა გაიმართოს. ქვეყნის მუდმივი რეზიდენტებით დაკომპლექტებული ოთხი ყველაზე მრავალრიცხოვანი სათვისტომოს წარმომადგენლები უკვე აცხადებენ, რომ სურთ არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის სიებში იყვნენ წარმოდგენილნი. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ.
სომხეთის კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტიის, ან საარჩევნო ბლოკის საერთო-სახელმწიფოებრივი წინასაარჩევნო სიის მეორე ნაწილში ეთნიკური უმცირესობების, სულ ცოტა, ორი და მაქსიმუმ ოთხი წარმომადგენელი უნდა იყოს ჩაწერილი.
Tert.am -თან საუბრისას სომხეთის რუსული სათვისტომოს წარმომადგენელმა, ასირიული დიასპორის ხელმძღვანელმა და იეზიდური საზოგადოებრივი ორგანიზაცია “მედიაშანგალის” საბჭოს თავმჯდომარემ სომხეთის მმართველ პარტიაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს.
ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა იეზიდური ეროვნული გაერთიანება “სინჯარის” წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტიები თავად წყვეტენ, რომელი სათვისტომები შეიყვანონ საკუთარ სიებში. ამასთან, გაერთიანების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თავად მას და მის ზოგიერთი თანამოაზრეს სურს, რომ პარტია “აყვავებული სომხეთის” რიგებში გაწევრიანდეს. თუმცა, ამ მომენტისთვის “სინჯარს” პარტია “აყვავებულ სომხეთისგან” შემოთავაზება არ მიუღია.