ილია II: ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა
პატრიარქი უკრაინაზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებაზე თქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ომია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი ლოცულობს, რომ ომში მონაწილეობა არ მიიღოს. საკვირაო ქადაგებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისკენ, ზოგი უმცირესობისკენ, ჩვენ ვუყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მეორედ მოსვლა უფლისა იხილება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა კანონზომიერია, განგება ღვთისა მიუწვდომელია”, – ამბობს პატრიარქი.
პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად:
“მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი, ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა სუფევდეს.”
● ხანგრძლივი ომი, დიპლომატია, გადატრიალება. უკრაინაში ომის ხუთი სცენარი BBC-ის ანალიტიკოსისგან
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
● მოსაზრება: რატომ წააგო ეს ომი ვლადიმირ პუტინმა უკვე
აღსანიშნავია, რომ რუსულ-უკრაინულ კონფლიქტზე ქართული ეკლესიის ზოგიერთი მაღალიერარქის აზრი, არაერთხელ დამთხვევია რუსული პროპაგანდისტული მედიების აზრს.
მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი, წმინდა სინოდის წევრი, სხალთელი სპირიდონი (აბულაძე), ჯერ კიდევ 2015 წელს ამბობდა, რომ ის ლოცულობს, რათა რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი გაერთიანდეს, ხოლო 2022 წლის პირველ მარტს, მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: “ამ პიდარასტის გულისთვის უნდათ ვირეშმაკებს ქვეყნის არევ-დარევა! ნუ იყოფინ!”.
“უყურეთ ერთი ამ ნაძირალებს, საქართველოს ცეცხლში ჩათრევა უნდათ, ცეცხლში უნდათ გახვიონ ივერია, თან ხალხს ამბოხისაკენ მოუწოდებს! აი, თუ არ არის შეთქმულება საქართველოს და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ!” – წერს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.
2022 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო. დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.