აზერბაიჯანში, სულ მცირე, 40 პატიმარი დაინფიცირდა კორონავირუსით, მათ შორის, პოლიტპატიმრებიც
ბაქოში, ნომერ მეორე გამოსასწორებელ კოლონიაში, დაახლოებით 40 პატიმარი, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა და სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აზერბაიჯანულ მედიაში ეს ინფორმაცია ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა ზრდის ფონზე გავრცელდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში 388 ადამიანი დაინფიცირდა, სულ, პანდემიის დაწყებიდან – 27 521. 354 პაციენტი გარდაიცვალა, 18 967 – გამოჯანმრთელდა. მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 5 აგვისტომდეა გაგრძელებული, დაკეტილია ყველა ბიზნესი, ადამიანებს სახლიდან გამოსვლა დღეში მხოლოდ 3 საათით და ისიც ხელისუფლების სპეციალური SMS-ნებართვით შეუძლიათ. გამოცხადებულია, რომ საზღვრები დაკეტილი იქნება სულ მცირე 31 აგვისტომდე.
ინფიცირებულთა შორის არის ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ აქტივისტი, პოლიტპატიმარი, აგილ მაგერამლი, რომელიც 2018 წლიდან არის დაპატიმრებული. სწორედ მისმა ოჯახმა შეატყობინა აზერბაიჯანულ მედიას ეს ინფორმაცია.
„აგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის.
გუშინ, დღისით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დედამისმა.
მაგერამლის ოჯახის თქმით, პატიმართა შორის უკვე დიდი ხანია ჩივიან მაღალ ტემპერატურასა და ყელის ტკივილზე, მაგრამ ციხის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
„მათ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, – აცხადებს მაგემარლის ოჯახი და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.
არც ერთ სამთავრობო უწყებას არ დაუდასტურებია, მაგრამ არც უარუყვია ეს ინფორმაცია. ცნობა იმის შესახებ, რომ ციხეში კორონავირუსი გავრცელდა, აზერბაიჯანულ მედიასა და სოციალურ ქსელებში, პანდემიის დაწყებიდან უკვე რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არც ერთხელ არ დადასტურებულა.
აგილ მაგერამლი 2018 წლის 25 მაისს დააპატიმრეს. ოფიციალურად ის „ბინძური ფულის გათეთრებაში“ დაადანაშაულეს. არც მას და არც მის მომხრეებს ბრალი არ უღიარებიათ.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, მათ შორის, რადიო „ამერიკის ხმის“, აგილ მაგერამლი არაერთხელ აწამეს ციხეში. აზერბაიჯანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ SMDT ის პოლიტპატიმრად აღიარა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს. თუმცა, SMDT-ის ცნობით, 2020 წლის ივნისისთვის, ციხეებში 108 პოლიტპატიმარი იმყოფება.
2020 წლის მარტში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ასევე პოლიტპატიმრად იყო აღიარებული. გათავისუფლებისთანავე ის საკუთარ ოჯახთან, გერმანიაში გაემგზავრა.