"პასუხისმგებელი უნდა დაისაჯოს" - საქართველოს პრეზიდენტი გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახში მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახში სამძიმარზე მივიდა.
ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს მომხდარზე პასუხისმგებელ ყველა პირი:
“არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, ვინც ამ დღეშია. საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, თუ აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ესაა აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ ამ ტრაგედიას.”
5 ივლისის დარბევის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ძალადობა დაგმო და “ნიუ ჰოსპიტალსში” გადაყვანილი მედიის დაშავებული წარმომადგენლები მოინახულა.
“ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა“, – თქვა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ასევე იყო ის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელმაც “ღირსების მარშთან” დაკავშირებით განაცხადა, რომ გამოსვლისა და აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.
პრეზიდენტმა პირველ ივლისს გაკეთებულ განცხადებაში განმარტა, რომ მისთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისთვის, ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის ყველანაირი ფორმა მიუღებელია.
მმართველი პარტიის სხვა ლიდერები და წევრები “ღირსების მარშის” ჩატარების წინააღმდეგი იყვნენ – მათ შორის დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
_____________________________________________________
- ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
- ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
- პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
__________________________________________________
5 ივლისს, თბილისში, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იქ სადაც ქვიარ თემსა და მათ მხარდამჭერებს, „Tbilisi Pride”-ის კულმინაცია, „ღირსების მარში“ უნდა გაემართათ, რამდენიმე საათის განმავლობაში ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს უსწორდებოდნენ.
ისინი მიდიოდნენ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, ძვრებოდნენ აივნებზე, არბევდნენ ოფისებს, წვავდნენ ორგანიზაციების დროშებსა და ბანერებს. დაშალეს და დააზიანეს პარლამენტის წინ პოლიტიკური პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები.
მას შემდეგ, რაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, ქუჩა-ქუჩა და სადარბაზოებში სდიეს ჟურნალისტებს, დაარბიეს და გაანადგურეს აქტივისტებისა და ქვიარ თემის ოფისები და ინვენტარი, დაამტვრიეს გადამღები ჯგუფების ტექნიკა, პარლამენტის წინ მუსიკა ჩართეს და იცეკვეს.
5 ივლისს მომხდარს ჟურნალისტები და ექსპერტები აფასებენ როგორც „საპატრიარქოს მიერ ინიცირებული და მთავრობის მიერ წაქეზებულ ძალადობრივი აქციას“ და ბრძოლას “სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ“.
ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორია. სულ დაშავებულია 55 ადამიანი და აქედან 53 მედიის წარმომადგენელია.
.