პარლამენტის ფასების კომისიამ მუშაობა დაასრულა: რეკომენდაცია "რბილი ჩარევის“ სასარგებლოდ
პარლამენტის ფასების კომისია
საქართველოს პარლამენტში დასრულდა დროებითი კომისიის მუშაობა, რომელიც სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებს იკვლევდა. შემაჯამებელ სხდომაზე დეპუტატებმა საბოლოო დასკვნა განიხილეს და მიიღეს, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს “ხალხის ძალის“ და გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ სასურსათო ბაზრის მუშაობაში “აგრესიული ჩარევა არ მოხდეს”.
“აგრესიული ჩარევა“ და სისტემური რისკები
კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ ბაზარზე პირდაპირი და მკვეთრი რეგულირება საფრთხის შემცველია. მისი შეფასებით, სასურსათო სექტორი ეკონომიკის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს და არასწორად დაგეგმილმა ინტერვენციამ შეიძლება არა ფასების შემცირება, არამედ პირიქით, შოკური ზრდა გამოიწვიოს.
მისივე თქმით, პრობლემების სწრაფად მოგვარება არც რეალისტურია და არც უსაფრთხო:
“რაც წლების განმავლობაში არასწორად კეთდებოდა, ერთ დღეში ვერ გასწორდება – და ასეთმა მცდელობამ შეიძლება სექტორს შოკი მიაყენოს.“
კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ ხელისუფლებამ აირჩიოს ეტაპობრივი, მიზნობრივი მიდგომა, რომელიც, მათი ვარაუდით, 6-9 თვეში შედეგს გამოიღებს.
ბაზრის სტრუქტურული პრობლემები
დასკვნის მიხედვით, ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი არა ჭარბი მოგებაა, არამედ არაეფექტური ხარჯებია, რომლებიც მთელი მიწოდების ჯაჭვში გროვდება. კომისიამ გამოავლინა, რომ:
- ბაზარზე არსებობს საბაზისო (დახლზე მითითებული) და რეალურ (ფასდაკლებით მიღებული) ფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა
- საბოლოო ფასი ხშირად დაბალია, თუმცა მომხმარებლის აღქმაში ეს სხვაობა არ აისახება
ამავე დროს, კვლევა მიუთითებს, რომ პრობლემის საფუძველი თავად სისტემის მოწყობაშია და არა კონკრეტული მოთამაშეების ქცევაში.
რა უშლის ხელს ფასების შემცირებას
კომისიამ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი გამოყო, რომლებიც ბაზრის ეფექტურობას ამცირებს:
— სათანადო გამჭვირვალობა არ არის და კომერციული ურთიერთობა გაუგებარია. არის სხვადასხვა ტიპის კომერციული ან მარკეტინგული გადასახადები, რომელიც გაუმჭვირვალეა და ზოგ შემთხვევაში, რიგი გადასახადები ისეთია, რაც კომერციულ ურთიერთობებს არ ექვემდებარება.
— გამოიკვეთა, რომ არ არის ნაშთების ბრუნვის სწორი შესაძლებლობა. მცირე და საშუალო მწარმოებლებს თავიანთი ნაშთების ბრუნვაზე წვდომა არ აქვთ, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, რომ ბიზნეს პროცესები სწორად დაგეგმონ. აქედან გამომდინარე, კომისიის დასკვნით, აუცილებელია სექტორის გაციფრულება.
— გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები. კომისიის დასკვნის მიხედვით, აქ იყო პრობლემა, რომელიც დამატებით ხარჯებსა და მთლიანად ჯაჭვში დამატებით ზეწოლას ქმნის და ეს ზეწოლა რაც უფრო ქვემოთ არის, სუბიექტი უფრო ძლიერდება. ეს მნიშვნელოვან ფინანსურ წნეხს უქმნის ქვედა რგოლში მონაწილე კომპანიებს – მათ სჭირდებათ უფრო მეტი სამუშაო კაპიტალი და ფინანსური რესურსი.
— გადახდების სტანდარტიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ჯაჭვში თითოეულმა მონაწილემ ზუსტად იცოდეს კონკრეტული სისტემური მიმართულებით გადახდების პროცესი როგორ არის. ამის დარეგულირება და ჩარჩოში მოქცევა აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
— სამუშაო კაპიტალს რაც შეეხება: მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო წარმოებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს. კომისიის რეკომენდაციაა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამებით მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის მხარდაჭერა გააძლიეროს, რადგან მათ ბაზარზე უკეთესი ოპერირების საშუალება მიეცეთ. რეკომენდაციის ნაწილი მოიცავს იმას, რომ მათთვის რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს, რომ მათ უფრო ადვილად შეეძლოთ ქსელში თავიანთი პროდუქციის განთავსება.
კანონმდებლობის საჭიროება
კომისია მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ რეკომენდაციებით ვერ მოხდება და საჭიროა ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა. ამისთვის პარლამენტს ურჩევენ, შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობებს მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და საცალო ქსელებს შორის.
მოდელად განიხილება ევროკავშირის “არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა“, რომელმაც ევროპაში ბაზრის მონაწილეებს შორის ძალთა ბალანსის გარკვეული გასწორება უზრუნველყო.
მიწოდების ჯაჭვი და რეგიონული დისტრიბუცია
კომისიის კიდევ ერთი დასკვნა ეხება მიწოდების ჯაჭვის სიგრძეს: რაც უფრო გრძელია ჯაჭვი, მით მეტი ხარჯი გროვდება თითოეულ ეტაპზე. გამოსავლად სახელდება შუალედური რგოლების შემცირება და მწარმოებლებსა და საცალო ქსელებს შორის პირდაპირი კავშირის გაძლიერება.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებში ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების შექმნას. იდეა გულისხმობს, რომ მცირე და საშუალო მწარმოებლებს შეეძლოთ პროდუქციის მიწოდება ერთიან ჰაბებში, საიდანაც ის უკვე ქსელებში და ბაზრებზე გადანაწილდება – ნაკლები დანახარჯით და უფრო ეფექტურად.
კონტექსტი
დროებითი კომისია 2026 წლის თებერვალში შეიქმნა და მასში 14 დეპუტატი შედიოდა სხვადასხვა პარტიიდან. მის შექმნას წინ უძღოდა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველოში და ევროპაში სასურსათო ფასებს შორის დიდი სხვაობაა. მან სამართალდამცავ უწყებებსაც მოუწოდა, შეესწავლათ, ხომ არ იკვეთებოდა ბაზარზე შესაძლო სამართალდარღვევები. მოგვიანებით კომისიის მანდატი გაფართოვდა და მან სურსათთან ერთად მედიკამენტებისა და საწვავის ფასებიც მოიცვა.