მოსაზრება: პარლამენტის ფასების კომისია საცირკო სანახაობაა
ფასების კომისია
ბევრ მიზეზს შორის ძირითადი სამი მიზეზია, რის გამოც ფასები ასეთი მაღალია – ეროვნული ბანკის ზედმეტად რბილი მონეტარული პოლიტიკა, ანტიმონოპოლიური სამსახურების ცუდი მუშაობა და ქვეყნის მთლიანი მდგომარეობა, ძალიან დიდი არასტაბილურობა, მათ შორის, ბიზნესის არასტაბილურობა, – ამის შესახებ ფინანსისტმა, ნიკოლოზ შურღაიამ განაცხადა.
რაც შეეხება ირანში მიმდინარე მოვლენების გავლენას ფასების ზრდაზე, შურღაია ამბობს, რომ ირანში ომი ახალი დაწყებულია, ომამდე კი ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე ნიშნულს უკვე აჭარბებდა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისია საკუთარ დასკვნას ხვალ, პირველ მაისს წარადგენს. ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვლის თვეში, სამთვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა.
მანამდე “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები რიგ შემთხვევებში ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება და ამ განსხვავების შესაძლო მიზეზად ქსელური მარკეტების საქმიანობაში მაღალი ფასნამატი და კონკურენციის დარღვევის რისკი დაასახელა, რის გამოც სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.

ნიკოლოზ შურღაია: “ბენზინი ახლა გაძვირდა და ამასაც თავისი დაგვიანებული ეფექტი აქვს, რამდენი აქ იყო ბენზინი, რამდენი უკვე გზაში იყო, ირანში ომი კი სულ ახლახან დაიწყო. ელექტროენერგია მათ [ხელისუფლებამ] ომამდე გააძვირეს და ასევე ომამდე უკვე ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე ნიშნულს აჭარბებდა, 4%-ზე იყო, როდესაც სამიზნე ნიშნული 3%-ზეა, რაც ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება.
ეროვნული ბანკი ამბობდა, რომ ინფლაცია დაიწევს და პირიქით, აიწია. პოპულისტური ლაპარაკი უკვე ზღვარს გადასულია. ბევრ მიზეზს შორის ძირითადი სამი მიზეზია, რის გამოც ფასები ასეთი მაღალია. პირველი არის ეროვნული ბანკის ზედმეტად რბილი მონეტარული პოლიტიკა, როდესაც ფულის მასა უფრო დიდია, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ძალიან იღბლიანი წლები ჰქონდათ ეკონომიკისთვის, რომელიც არ და ვერ გამოიყენეს და პირიქით, უფრო მიეძალნენ მოკლევადიან სარგებლებს.
მეორე არის ანტიმონოპოლიური სამსახურების ცუდი მუშაობა, კანონმდებლობაც არ არის კარგი და ქვეყანაში გვაქვს სერიოზული მონოპოლიები. დარგებში ამას ყურადღება საერთოდ არ ექცევა არაპროფილურ ხალხს ამოწმებინებენ ამ ყველაფერს და მესამე არის ქვეყნის მთლიანი მდგომარეობა, ძალიან დიდი არასტაბილურობა, მათ შორის, ბიზნესის არასტაბილურობა, თუნდაც ეს საცირკო სანახაობა, რომელსაც ამ პარლამენტის ფასების კომისიას დავარქმევდი.
ამ ადამიანებს [ხელისუფლებას] წლების მანძილზე პროპაგანდით საზოგადოების სერიოზული მოტყუება გაუვიდათ. ამაში ხელი შეუწყო ეკონომიკურმა იღბალმაც. ახლა ეს ეკონომიკური იღბალი მთავრდება. მთავრდება უბრალოდ, თორემ იღბალი ჯერ კიდევ არის….
ასევე, მაინც არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ზურგის ქარის შედეგები, ანუ ტვირთები მაინც არის, საქართველოს საჭიროება არნახულად დიდია, თუნდაც თვითმფრინავების მოძრაობისთვის საქართველო იღებს ბევრად მეტ შემოსავალს. სამჯერ არის გაზრდილი თვითმფრინავების საქართველოსკენ ფრენა.
კარგი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ისარგებლებდა ამ ვითარებით იმიტომ, რომ არასტაბილური რომ გაქვს ჩრდილოეთიც და სამხრეთიც, შენ ხარ საუკეთესო გამტარი შუა კორიდორი. ახლა საქართველოში ინვესტიციების ბუმი უნდა იყოს.
საქართველო ახლა ვერ იყენებს ძალიან ხელსაყრელ შესაძლებლობებს, რომ გახდეს ინვესტიციების მიზიდულობის წერტილი და შუა კორიდორი ყვაოდეს.”