ორი წლით გახანგრძლივდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით, 2022 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოყოფილია 44.8 მილიონი ევრო 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც საქართველოში 2008 წლის ომის შემდგომ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების ნაწილია.
მის მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაცია, ნორმალიზება და ნდობის აღდგენა. ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა.
2020 წლის მარტიდან მისიის ხელმძღვანელი ელჩი მარეკ შჩიგელია.
_________________________________
● ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევროთი დაეხმარება