საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სხდომის ჩატარების მოთხოვნას ხელს მოაწერს.
რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადეს.
“ევროპელი ლიდერები დღევანდელ მოცემულობას აფასებენ, როგორც ყველაზე მძიმე დღეებს ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ დუმილს და უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან. ამგვარი დუმილი და უმოქმედობა საქართველოს ძალიან სერიოზული ფასი დაუჯდება.
ამიტომ, ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში პარლამენტს. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, განსაზღვრული დღის წესრიგით და ეს დღის წესრიგი უნდა იყოს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ უნდა მიიღოს რეზოლუცია, ოღონდ არა ისეთი არაფრისმთქმელი, როგორიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და სადაც სიტყვა რუსეთიც არ იყო ნახსენები, არამედ რეალური რეზოლუცია, რომელიც, მათ შორის, ისაუბრებს სანქციებზე.
“ასევე მივმართავთ პრემიერ ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების გაფართოებული სხდომა, რათა განვიხილოთ ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და ევროპისთვის“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თამარ კორძაიას თქმით, კი რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად საჭირო 38 დეპუტატის ხელმოწერა უკვე მოგროვებულია.
ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოთხოვნას ხელს მოაწერს:
“საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, ყველამ ერთად გამოვხატოთ, რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს.
ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის ფორმა და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, კონსტიტუციით მონიჭებული უფლების თანახმად, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი, ყველა ჩვენგანის საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც.
ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზით მცდელობის, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეს და ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო.
დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.