ბაქოში, ომში დაღუპულზე „ხუმრობის“ გამო, სასტიკად სცემეს პოეტ-ბლოგერს
ბაქოში, დაუდგენელ პირთა ჯგუფმა სასტიკად სცემა პოეტსა და ბლოგერს, ფუად რასულზადეს. ამის მიზეზი გახდა „ხუმრობა“, რომელიც სოციალურ ქსელებში მარტში განთავსდა და ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეს, ხუდაიარ იუსუფზადეს უკავშირდებოდა. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს იმ პირთა ძებნა, ვინც ბლოგერს ფიზიკურად გაუსწორდა.
- საქართველოში, ორჯერ აცრილი ადამიანებისთვის, შესაძლოა კომენდანტის საათი გაუქმდეს
- აზერბაიჯანში ინიციატივით გამოდიან, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
რა მოხდა?
28 აპრილს, საღამოს, დაუდგენელ პირთა ჯგუფი ბაქოში, თავს დაესხა ახალგაზრდა პოეტსა და ბლოგერს, ფუად რასულზადეს და სასტიკად სცემა მას.
რასულზადეს მეგობრის „ტვიტი“, რომელშიც მან ნაცემი ბლოგერის მდგომარეობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია
ერთი თვის წინანდელი „ხუმრობა“
მომხდარის მიზეზი გახდა სოციალური ქსელი Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებლის „ტვიტი“ და განხილვა, რომელიც მას მოჰყვა. მასში, ავტორმა ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურე ხუდაიარ იუსუფზადეზე „იხუმრა“.
ეს „ტვიტი“ დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა სოციალური ქსელების დღის წესრიგში და დაპირისპირება გამოიწვია. ზოგიერთი მომხმარებელი „ტვიტის“ ავტორს ანგარიშსწორებით დაემუქრა. იმ განხილვების მონაწილე ფუად რასულზადემ აღიარა, რომ „ხუმრობის“ ავტორი სინამდვილეში ის იყო და მთელი რისხვა მას დაატყდა თავს.
ამის შემდეგ, გვერდი, რომელზეც „ხუმრობა“ გავრცელდა, დაიხურა.
ვინ არის ხუდაიარ იუსუფზადე?
1998 წელს, ქალაქ ბარდაში დაბადებული ხუდაიარ იუსუფზადე 2020 წლის 22 ოქტომბერს, ყარაბაღის მეორე ომის დროს, ოკუპაციისგან ზანგილანის რაიონის გასათავისუფლებლად მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა.
ხუდაიარ იუსუფზადე იმ ვიდეოთი გახდა სახელგანთქმული, რომელიც სოციალურ ქსელებში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ორი დღით ადრე განათავსა. ამ ვიდეოში ის სამშობლოს შესახებ მღერის.
აღსანიშნავია, რომ იუსუფზადემ ბაქოში, ბულბულის სახელობის მუსიკალური სკოლის ვოკალის მიმართულება დაამთავრა.
შსს-ს რეაქცია
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ფუად რასულზადეს ცემის კადრებზე, რომელსაც ომში დაღუპული ხუდაიარ იუსუფზადეს შესახებ გამოქვეყნებული „ტვიტის“ გამო გაუსწორდნენ.
როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, სამართალდამცავი ორგანოები ინფორმირებულები არიან მომხდარის შესახებ.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს ღონისძიებები იმ პიროვნებების ვინაობის დასადგენად, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ“, – აღნიშნეს შსს-ში.
კომენტარები
მომხდარ შემთხვევას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელების აზერბაიჯანულ სეგმენტში. ზოგიერთი სახასიათო კომენტარი:
„ძალის გამოყენება სიტყვის წინააღმდეგ, სისუსტეა. გამოდის, რომ არაფრით შეგიძლია უპასუხო, შენი სიტყვები არაადეკვატურია და თავადაც არაადეკვატური ხარ“.
„გაუმარჯოს იმის მარჯვენას, ვინც ეს გააკეთა!“
„ხელები იქნიო, დაარტყა – რა თქმა უნდა, ცუდია. მაგრამ ხუდაიარის შესახებ ამ ხუმრობის გამო, შეჰიდის შესახებ ხუმრობის გამო, დაე, მადლობა თქვას, რომ სხვანაირად არ დაამცირეს და არ მოკლეს. სისხლის სამართლის საქმე პირველ რიგში მის წინააღმდეგ უნდა აღიძრას, შემდეგ კი დაფიქრდნენ, შეიძლება თუ არა ამის გაკეთა მათ წინააღმდეგ, ვინც ის დასაჯა“.