„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ გუნდმა ქვეყანა ბევრი მიმართულებით წინ წაიყვანა და გუნდს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შეუძლია იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.
„ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ქვეყანა ბევრი მიმართულებით წინ წაიყვანა. პროგრესია პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები არ არსებობს. ბევრია იმისთვის გასაკეთებელი, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
“წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით” – ასე შეაფასა “ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარები “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.
„თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა“, – ამბობს გოცირიძე.
ამ დროისათვის ცნობილია ოპოზიციის მაჟორიტარი ექვსი კანდიდატი თბილისში: ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, გლდანში – ნიკა მელია, ხოლო სამგორში – ლევან ხაბეიშვილი.
ქუთაისში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სავარაუდოდ გრიგოლ ვაშაძე იყრის კენჭს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება. 30 დეპუტატს მაჟორიტარული წესით აირჩევენ, 120-ს კი პროპორციული სისტემით.