მთავრობა ელჩების ნაწილს და NATO-ში საქართველოს წარმომადგენელს თანამდებობებიდან ათავისუფლებს
მთავრობა ელჩებს ათავისუფლებს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შვეიცარიის კონფედერაციაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს.
განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და მასზე ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩებისა და წარმომადგენლების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი როტაციის ვადის ამოწურვა გახდა.
ოთხივე დიპლომატი თანამდებობებზე 2020 წელს დაინიშნა.
ამასთან, კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, თანამდებობიდან თავისუფლდება აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძეც. ის ელჩის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა.
შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს:
● სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 2024 წლის 15 ოქტომბერს გათავისუფლდეს;
● ვიქტორ დოლიძე ნატოს-თან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას 2024 წლის 21 სექტემბერს დატოვებს;
● რევაზ ლომინაძე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბერს დატოვებს;
● ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან პირველ ოქტომბერს გათავისუფლდება.