პირველი მაისიდან “მთავარი არხის“ ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდება. არხის თანამშრომლებმა გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.
არხის დამფუძნებლის და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, “დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი”
“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი. მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ინფორმაციას არხის ჟურნალისტები და თანამშრომლები სოციალური ქსელებითაც ადასტურებენ. ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხუთწლიანი ერთობლივი მუშაობის პერიოდი დასრულდა და ის “სახლს”, რომელშიც შექმნის დღიდან იყო, იძულებით ტოვებს.
მსგავსი პოსტი დაწერა ჟურნალისტმა თათია წოწონავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “რუსთავი 2”-დან წამოსვლის შემდეგ თავიდან ააშენეს ახალი არხი, რისთვისაც თანამშრომლებმა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იბრძოლეს.
ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ 11 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს მიზანმიმართულად მიჰყავს არხი დახურვამდე და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
გაბუნიას თქმით, რამდენიმე თვის წინ ოქუაშვილმა არხზე დირექტორად მიავლინა მისი ნდობით აღჭურვილი პირი, გოგი ქურდაძე, რომელიც მიზანმიმართულად აფერხებს არხის მუშაობას – ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე.
მისივე განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოქუაშვილი მოქმედებს ან უშუალოდ “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ იყენებს “მთავარ არხს”. გაბუნიას თქმით, ჟურნალისტები იბრძოლებენ და სადამდეც შეეძლებათ, იქნებიან ეთერში, თუმცა მისივე თქმით, ამ კრიზისის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არხზე შექმნა, ეს რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხი” 2019 წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გვარამიას ინიციატივით, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა. 2024 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.